გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისის ქალაქ პორტსმუსში სამხედრო მოსამსახურეთა შორის რაგბის საერთაშორისო ტურნირი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „არმია“ იმყოფებოდა. სპეციალურად ტურნირისთვის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაემგზავრა და საზეიმო მიღებას ქართველ სამხედრო რაგბისტებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით სამხედრო მოსამსახურეთა შორის რაგბის საერთაშორისო ტურნირის ხელმძღვანელი, გენერალი ლორიმარი გამოვიდა. ის ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს მიესალმა და წარმატებები უსურვა. მოგვიანებით ქართველმა სამხედრო რაგბისტებმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე „რაფ ჰალტონი“ მორიგი წვრთნა გამართეს. სამხედროებთან ერთად გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც ივარჯიშა და ბიჭებს სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვა. ქართველი სამხედრო რაგბისტები პირველად 8 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ. მორიგი თამაშები კი დიდი ბრიტანეთისა და ტონგას გუნდებთან 12 და 15 ოქტომბერს გაიმართება.

http://kvira.ge/

comments