საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სეგმენტში საფრანგეთი საქართველოს დახმარების მხრივ ლიდერი ქვეყანა გახდება.

თინა ხიდაშელის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ფრანგების უზარმაზარი გამოცდილება პრაქტიკულად სრულად ხელმისწავდომი ხდება საქართველოსთვის და ფრანგების უზარმაზარი რესურსი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სამსახურში ჩადგება, არამედ ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკურ დონეზეც.

“დღემდე საფრანგეთი, ნატო-ს კონტექსტში, საქართველოს პარტნორთა სიაში არ იყო. საფრანგეთი არ იყო იმ 15 ქვეყანას შორის, რომელთანაც პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დღეს მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ზუსტად ისე, როგორც ამერიკელები, გერმანელები ხდებიან საქართველოს პარტნიორი ქვეყანა და ლიდერი ქვეყანა კონკრეტულ კომპონეტში, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ეს პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მხრიდან”, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის თქმით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოვა.

comments