დღევანდელი პრესა იუწყება, რომ ნიკა მელიამ რომეო ფარულავა სცემა. სტატია ამის შესახებ გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა. გამოცემის ცნობით, დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ოფისში მოხდა. “ალიას” წყაროს ცნობით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები ოფისში დაიბარეს, რათა ერთად დაესახათ, რა ღონისძიებებია ჩასატარებელი წინასაარჩევნოდ. გავრცელებული ინფორმაციით, შეკრებას ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, რომელსაც გარკვეულ საკითხებზე “ნაციონალური მოძრაობის” ვაზისუბნის ორგანიზაციის თავმჯდომარე რომეო ფარულავა შეეკამათა და ჩხუბი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

“ნიკა მელიამ ცოტა ხანს ითმინა და ბოლოს მაინც გაშალა მკლავი, ფარულავას გაჩერება მხოლოდ მუშტით და წიხლით შეძლო. ფარულავამ კი  სცადა თავის დაცვა, მაგრამ მაინც დაიბეგვა”, – წერს გამოცემა.

ვინაიდან გავრცელებულ ინფორმაციას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, AMBEBI.GE-მ ინფორმაცია უშუალოდ ნიკა მელიასთან გადაამოწმა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

– სულ მაინტერესებს, ვინ იგონებს ასეთ ამბებს, ეს იგივეა, ახლა თქვენზე რომ ვთქვა რაღაც. “პრესა” ჩემი ყაჩაღობის შესახებაც წერდა ადრე, ეს ინფორმაცია და ის ინფორმაცია ერთი ოპერიდან არის. 1994 წელს 14 წლის ვიყავი, ქოჩორი მქონდა და 20 წლის შემდეგ ვინმე დოცენტი მელსი ნამდვილად ვერ მიცნობდა. მაშინაც ვერ გავაკეთე კომენტარი.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

comments