88
“ინფორმაცია, თითქოს ერეკლე კოდუას დახმარებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ძალადობის ფაქტებია აღბეჭდილი, სრული სიცრუეა”, – ამის შესახებ ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან და კონკრეტულად ნუკრი ქანთარიას მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადრები, რომლებიც გავრცელდა, თითქოს ერეკლე კოდუამ  უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება.
კახიძე  მისი დაცვის ქვეშ მყოფ ერეკლე კოდუას ესაუბრა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“ერეკლე კოდუა იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. მას აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ ტოვებს ამ ქვეყანას. ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა და თუ გადავხედავთ სხვადასხვა დროს გავრცელებულ ვიდეომასალებს, აშკარად ჩანს ხელისუფლების კვალი. ეს ეხება ე.წ. ჩატაევის მიერ ატვირთულ კადრებს ავღანეთში მებრძოლ დანაყოფთან დაკავშირებით. ასევე, ზურაბ ჟვანიას საქმიდან მასალების გავრცელებას, რომელიც პროკურატურის სეიფში იყო ჩაკეტილი. ახლა უკვე ეს კადრები ვრცელდება, რომელიც უნდა განადგურებულიყო, თუმცა აიტვირთა ინტერნეტში NDI-ს კვლევის პარალელურად. მე ვფიქრობ ამით ხელისუფლება ცდილობს NDI-ს კვლევის შედეგების გადაფარვას. ბინძური ცილისწამების კამპანიაა, თითქოს ერეკლე კოდუამ რაღაც კადრები გადასცა კოლომოისკის”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

უკრაინულმა ვებგვერდმა ტუბე.უა-მ სათაურით, “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

sazogadoeba.ge

comments