gogo

საიტი liberali.ge ბლოგზე აქვეყნებს თამარ კარელიძის წერილს სათაურით:”ჯიპიდან დაღვრილი მადლი”, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემს ბავშვობაში გორში ერთი მოძღვარი იყო. მაშინ, როცა ხალხს პურის ფულის საშოვნელად სახლიდან ნივთები გაჰქონდა, ის ქალაქში ჯიპით მოძრაობდა. მასზე ყოველთვის ჩურჩულით საუბრობდნენ. დიდ, შავ ჯიპს სულ სხვა ძალა ჰქონდა.

ალბათ ბავშვობიდან ქვეცნობიერად ჩამრჩა, მღვდლისა და ჯიპის კავშირი და ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ შავი ჯიპი ან სხვა ძვირადღირებული მანქანა, მღვდლის ისეთივე განუყოფელი აქსესუარი იყო, როგორც გულზე დაკიდებული დიდი ჯვარი. მეგონა, რომ მღვდლებს ჯიპებით უნდა ემოძრავათ, მოკვდავებს – ფეხით; მღვდლები ფუმფულები და მსუქნები უნდა ყოფილიყვნენ, მრევლის წევრები – გამხდრები, მღვდლებს ხმამაღლა გინება უნდა შეძლებოდათ (კურთხევა აქვთ ასეთი), რიგით მოკვდავებს – არა; მღვდლები გასამრჯელოს (ე.წ. „შესაწირის“) გარეშე არც წესს აგებდნენ და არც ჯვარს წერდნენ, მოკვდავი ვალდებული იყო, მოთხოვნილი თანხა გადაეხადა. თანაც, რაც უფრო „პრესტიჟულ“ მამაოს მოიყვანდა, მით უფრო მაღლა იწევდა საზოგადოებაში მისი სტატუსი.

მერე ყველაფერი გადავაფასე და მივხვდი, რომ ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე წამომართული ციხე-სიმაგრიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. იქ ცხოვრობენ/მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თანაბარი წარმატებით ერკვევიან სოფლის მეურნეობასა თუ ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო ურთიერთობაში, 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზებშიც (პატრიარქის განცხადება), მიგრაციის პრობლემებშიც, ევროპის გარყვნილებაშიც (მიუხედავად იმისა, რომ შვილები სწორედ აქ ჰყავთ სასწავლებლად გაშვებულები და სამკურნალოდაც წამდაუწუმ დარბიან) და რუსეთის კეთილმეზობლობაშიც, ქრისტეს სწავლებებშიც და აზარტულ თამაშებშიც…

მრევლის დიდ ნაწილს რატომღაც მიაჩნია, რომ სასულიერო პირებმა ყველაფერი ჩვენზე უკეთ იციან. მათ უფლება აქვთ, გვმოძღვრონ, რჩევები გვაძლიონ, შვილები წკეპლით გვიცემონ, ქუჩაში ხალხი ერთმანეთის დასახოცად გამოიყვანონ, შემდეგ საკურთხეველში სუფთა სინდისით შევიდნენ, ზიარება მოამზადონ და, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, სიყვარულზე იქადაგონ.

ჩვენ კი მათი გვჯერა. გვჯერა და პროტესტი არ გვიჩნდება. გვჯერა პატრიარქის მაშინაც, როცა წლობით ნანატრ ბავშვზე, რომლის ჩასახვაც მედიცინის უახლესი მეთოდების გამოყენებით ხდება, გვეუბნება, რომ სული არ აქვს და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდება; გვჯერა, როცა შოკირებულ ქვეყანას უქადაგა, ზოოპარკი ეკლესიის ზარების ფასად აშენდა და ვერ გაიხარებსო; გვჯერა, როცა ამბობს, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, ძმებად რომ დავრჩეთ, რომ ევროპა კარგია, მაგრამ ჩვენი ტრადიციები – უკეთესი, რომ ქალების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მანკიერი წესია..

პატრიარქი სხვა საქართველოში ცხოვრობს, იმ საქართველოში, რომელიც საპატრიარქოსავით ყვავის. ამიტომაც ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უსამსახუროდ არავინ დარჩება და ქალებს საზღვარგარეთ გართობის ახალი ჰობი აქვთ: დავარდნილი მოხუცების მოვლა, ოჯახის გამუდმებული მონატრება და თავის დამცირება.

პატრიარქი მანკიერებაზე გვესაუბრება და არ ახსენდება 27 მილიონი, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან და საზღვარგარეთ წასული ქალების შემოსავლებიდან ვუხდით, იმ ციხესიმაგრეში ფუფუნებასა და სიმდიდრეში რომ იცხოვროს; არ ახსენდება ის ასობით წერილი, რომლებშიც საპატრიარქო ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას სთხოვს; არ ახსენდება ბობოყვათის რეზიდენცია, რომელიც მთავრობამ კარგა ხნის ვაჭრობის შემდეგ კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადასცა და რომელიც მილიონები ღირს; არ ახსენდება, როგორ უკრძალავენ გარეთ ნაყიდი სანთლის ეკლესიაში დანთებას მოქალაქეებს მღვდლები და როგორ სთხოვენ, იყიდონ საპატრიარქოს სანთელი; არ ახსენდება ჯიპებზე ამხედრებული, კაზინოებში შემჩნეული სასულიერო პირები; არ ახსენდება საგადასახადო შემოსავლისაგან გათავისუფლებული საპატრიარქოს უმსხვილესი ბიზნესი, თუმცა არა… ახსენდება და ოპერატიულად რეაგირებს, როდესაც იგებს საკონსტიტუციო სასამართლოში რვა კონფესიის მიერ შეტანილი სარჩელის თაობაზე, არათანაბარ პირობებში თანაარსებობის შესახებ…

პატრიარქი სულიერად დაავადებულებს ეძახის ადამიანებს, ვისაც კრიტიკა შეუძლია, ვინც აკრიტიკებს მთავრობასაც, მხედრობასაც, ერსაც და ბერსაც მისთვის მიუღებელი საქციელის გამო. პატრიარქი წუხს, რომ ასეთი ხალხისათვის ავტორიტეტი არ არის. თანაც კრიტიკოსები უფრო და უფრო მომრავლდნენ.

მიუხედავად ამისა, ყოველი საკვირაო ქადაგების შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მორჩილად დააქნევს, კვერს დაუკრავს და დაიჯერებს, რომ სახლიდან გასვლისთანავე სამსახური თავისით მოვა და არ გაახსენდება 25 მილიონი, რომელსაც საკუთარი მწირი შემოსავლიდან იხდის. სამაგიეროდ ეშმაკის მოციქულებად მიიჩნევენ ყველას, ვინც პატრიარქის სიტყვებში ეჭვს შეიტანს და საყვედურს გამოთქვამს.

ამასობაში კი არჩევნები მოდის. ალბათ, მომავალ წელს მთავრობა საპატრიარქოს კიდევ უფრო გაანებივრებს უძრავ-მოძრავი ქონებით. წინასაარჩევნოდ ეკლესია საჭიროა: ყველა პოლიტიკური პარტიის წევრებმა პატრიარქს ხელზე უნდა ემთხვიონ, უნდა გადაიღონ პატრიარქთან ფოტო და ვიდეო, მერე გამოჭიმონ სოციალურ ქსელებში და გაავრცელონ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. მოსახლეობას კი გული უნდა აუჩუყდეს, პოლიტიკოსთა ღრმად მორწმუნეობის დაიჯეროს და ხმა მისცეს მას, ვინც გულმოდგინედ დაიზეპირებს ორიოდ სიტყვას სახარებიდან და წინასაარჩევნო კლიპებში რაც შეიძლება მეტი ზარის რეკვას ჩართავს.

საკურთხევლის ნაცვლად კი ჯიპებიდან ღვთის მადლი კვლავ დაიღვრება – ისე, ჩვენში დარჩეს და, კრიტიკისა არ იყოს, ჯიპიც თანამედროვეობის სიმბოლოა. ვგონებ, საპატრიარქოს ეს უკანასკნელი ძალიან მოსწონს

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow