ირაკლი ღარიბაშვილი: მამაოებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია

0

20140416145302news_11783საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ის პასუხისმგებლობას იღებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით რაიმე უკანონობის დაკანონება არ მოხდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სასულიერო პირებს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ.

“მე მოვისმინე წუხილი, რომელიც აქვთ ჩვენს მამებს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს – მამაოებს არ აქვთ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. მე ეს კარგად გავაანალიზე – გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს ეჭვი და რეალურად მოვიპოვე მტკიცებულებები, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. მათი მთავარი წუხილი იყო შემდეგი, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ხდება ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება, რომ მოხდება პროპაგანდა და რაღაც საშინელება ქვეყანაში. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი, არავითარი პროპაგანდის საშულება არ მიეცემა არავის. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არავითარი დამატებითი უფლებები არ მიენიჭება რომელიმე სოციალურ ჯგუფს, თუ უმცირესობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ასევე ტყუილია მოსაზრება იმის თობაზე, რომ სასულიერო პირებს ქადაგება აეკრძალებათ.
“მეორე მთავარი წუხილი რაც აქვთ ამ ადამიანებს იყო ის, თითქოს მათ აეკრძალებათ ქადაგება. რა თქმა უნდა, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ კანონის მიღებით ეკლესიას არ შეეზღუდება ქადაგების უფლება. სწორედ ამ მიზნით კანონპროექტში ჩვენ გავაჩინეთ ცალკე მუხლი, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას”, – განმარტა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის ახსნა დაავალა. ”
“გუშინ მე მივმართე საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს, რომ ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია ჩვენს მამებთან და დეტალურად აუხსნას მათ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი. არავითარი რისკი არ არსებობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ფასეულობებსა და ტრადიციებს რაიმე საფრთხეს შევუქმნით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

comments
Share.

About Author