მიუხედავად იმისა, რომ „ნატვრის ხე“ მისი პირველი კინოროლი არ ყოფილა, საზოგადოებამ სწორედ თენგიზ აბულაძის ამ გენიალური ფილმიდან გაიცნო. შეყვარებული, თვალებანთებული, სევდიანი, ვირზე უკუღმა შემოსმული მარიტას ულამაზესი, ტალახიანი სახე ყველას მეხსიერებაში დარჩა, როგორც ყველაზე ლამაზი ქალისა საქართველოში. ათეულობით კინოროლი, საკუთარი ნახატები, სიმღერა და დიდი შემოქმედებითი პაუზა, რომელიც ჯამრთელობის პრობლემებით იყო გამოწვეული… ჩვენ სილამაზის ცხოვრების გზას გავუყევით.

კონფლიქტი ოჯახში

წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა, ამაზე გადაეტანა ყურადღება. ამასთანავე, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა – ძირითადად იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.
„ისე ვიზრდებოდი, რომ დედას არასდროს უთქვამს ჩემთვის, ძალიან ლამაზი ხარო. პირიქით, მეუბნებოდა, – რას ჰგავხარო… მწყინდა, ვეკითხებოდი: რატომ ამბობ ასე, დედა, როცა გარეთ მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ? არა, მეუბნებოდა, არაფერი არ ხარ… ეს იყო პასუხი… მე, უბრალოდ, ვცდილობდი, მხოლოდ წესრიგში ვყოფილიყავი, მეტი არაფერი, უმაკიაჟოდ დავდიოდი“, – ყვებოდა ლიკა.
ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.

კინო და სამოდელო კარიერა

12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
კინოში განსახიერებული ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.
უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.

აკრძალული ქორწინება

დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს სანდრო თაქთაქიშვილი – მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
„არ მიყვარს ამაზე საუბარი, ძალიან მტკივნეულია, რადგან სანდროსთან 20 წელი ვიყავი, მერე მეორე სიყვარული მოვიდა… მოხდა ასე და წინ ვერ აღვუდექი“. – თქვა ლიკამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში“.
სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს. რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის იურისტია და ამერიკაში თავისი პროფესიითაა დასაქმებული.
ლევან თაქთაქიშვილს ერთი ვაჟი, საშკა, ჰყავს, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას და მისი სილამაზე მთელ საქართველოს აღაფრთოვანებს.
როგორც ლიკა ქავჟარაძემ, „პროფილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შვილისა და შვილიშვილის ნახვას ვერ ახერხებს, რადგან ისინი საქართველოში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სკაიპით ჰქონდა.
„ლევანი ძალიან მზრუნველი შვილია, ძალიან თავდაჭერილი. ცოტა ღიზიანდება ხოლმე ჩემზე, რადგან  ჩაციება ვიცი. ხშირად ვურეკავ, ხან რას ვაბარებ, ხან – რას… ვეუბნები: „ლევან, იცი, რაშია საქმე?“ და ისიც იუმორით მპასუხობს, „აბა, მითხარი, რაშია საქმე? მეცინება ხოლმე, ძალიან საყვარელი ბიჭია, შვილიშვილიც ძალიან საყვარელი ბიჭი მყავს, რძალიც ძალიან კარგი გოგოა“. – ამბობდა ლიკა.

 მეორე ქორწინება

მეორედ ლიკამ ლევან შანიძესთან იქორწინა: „ლევანთან 7 წელი ვიყავი. საბოლოოდ ვერ შევეწყვეთ, უთანხმოებები გვქონდა“…  თუმცა მასთან მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა: ალბათ, ამ მეგობრულმა ურთიერთობამ მისცა ლევანს საბაბი, ლიკას გარდაცვალების მერე მის სამუდამო სასუფეველზე ეფიქრა. ამ თემას ლევანმა ვრცელი პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში.
„ნუ გამიწყრებით, დებო და ძმებო… ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ და ეს დღეები, ალბათ, არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა… და ყველას აზრი მაინტერესებს:
როცა ყველა მისტირის… როდესაც რამდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას, სინონიმადაც, მართლა დამებადა კითხვა საქართველოს ყველა მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ, ნუ გამსჯით, მომიტევეთ.
უბრალოდ, გაიაზრეთ, რაზეც ვსაუბრობ… როგორც ამბობენ, გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყო… უეჭველად ასე იქნებოდა, მაგრამ „მარიტა“, ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა, მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს, სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! კარგის მთქმელს კარგი გამგონეც ესაჭიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ, ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, უბრალოდ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება…
ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონიც სჭირდება…
იქნებ იმათაც გავაგებინოთ, ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! „ვარსკვლავი“ კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით, სად არის!
კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ და გავიმეორებ კითხვას: სად უნდა მოისვენოს რამდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზისა და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდიდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებულმა „მარიტამ“, ანუ ყველასთვის საყვარელმა ადამიანმა – ლიკა ქავჟარაძემ?
არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცების უაზროდ წერა (მეც და მასაც, ალბათ, ცუდად დაუმთავრდება და მოდით, თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს)… უბრალოდ, თქვით, სად მიგაჩნიათ, რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყვარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებელი ადგილი?!!!
დავიჯერო, მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია, ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ, ვისაც ესმის, რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმებისა და დების წინაშე!.. თუ ვცდები, და მე ამ საქართველოში, სადაც სიყვარულს ვერც სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა… ვინაიდან ეს საქართველო არ იქნება, რაც არ უნდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სიყვარულსა და მეგობრობას დიდმა შოთა რუსთაველმა უმღერა, ლიკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ჰყავდა! გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით, იმ იმედით, რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ, სერიოზულად გაიაზრეთ, სანამ რამეს დაწერთ! ნუ დაივიწყებთ, რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამ ვინმე რამეს დააბრეხვებს… დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს, იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინცდამაინც ვერ მოითმენს, 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რამე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა „ადამიანმა“, დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ლიკას მეორე ქმარი, ლევან შანიძე.

„ხანდახან მაშინებს ხოლმე, მეუბნება, წავედიო…“

მსახიობმა წლების წინათ „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში თავის ახალ სიყვარულზეც ისაუბრა. ლიკა ამბობდა, რომ მამუკა მათიაშვილი მისი უკანასკნელი სიყვარული იქნებოდა. ლიკა აღფრთოვანებით ყვებოდა თავის რჩეულზე, მაგრამ ქორწინებას არ გეგმავდა. ამბობდა, რომ მამუკას ასე ურჩევნია. „ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრებს მიკეთებს, სულ მირეკავს, მეხუმრება, ძალიან ჯანსაღი იუმორის პატრონია. ხანდახან მაშინებს ხოლმე, მეუბნება, წავედიო და იცის, რომ ამაზე ვნერვიულობ, რადგან მინდა, დარჩეს… ძალიან სიმპათიურია, ოღონდ მართლა… ძალიან აზიატია. თუ ვიღაცას დაველაპარაკე, გიჟდება. მე კი ვკვდები სიცილით“. – ამბობდა ლიკა „პრაიმტაიმთან“ინტერვიუში.

„შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ“

ქალაქში საუბრობდნენ ლევან უჩანეიშვილისა და ლიკა ქავჟარაძის დიდ მეგობრობაზე. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ ბავშვობიდან და, ალბათ, ამიტომაც ყველაზე გულისამაჩუყებელი წერილი სწორედ ლევანმა დაუწერა ლიკას.

„ჩემო ლიკა, მაპატიე… ყველას აპატიე…საქართველოს აპატიე…
ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!
გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ,
შენ საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!
შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ,
არავინ არ ყოფილა შენი სილამაზის ღირსი,
საქართველოც კი არ ყოფილა.
შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა…
გვაპატიე, რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება, სამწუხაროდ, არ ასრულდა.
გვაპატიე, რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა…
გვაპატიე! ჩემი ბრალიც არის, ყველას ბრალი არი! საქართველოს ბრალი არი!
გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს, გვითხარი უარი.
დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი… ყველასთვის ჩარაზული კარი…
ჩემო ლიკა, მაპატიე, ყველას აპატიე, საქართველოს აპატიე.“
შეხვედრამდე… ლევანი“.

ჯანმრთელობის პრობლემები

2014 წელს ლიკა ქავჟარაძემ გადაცემა „სხვა რაკურსში“ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობმა ფსიქიკური პრობლემების მიზეზად ბევრი გადაღება და გადაღლილობა დაასახელა. ფსიქიკური პრობლემები მას 24 წლის ასაკში დაეწყო და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა. გარდა ამისა, პრობლემების მიზეზად მსახიობი ასახელებდა ექიმების მიერ ნავარაუდევ მშობიარობის სტრესს: „ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბო­ბს, რომ გაციებული ვიყავი და მენი­ნგიტის შედეგად გავხდი ცუდად“.
„ლიკას ჰქონდა თავის პრობლემები, რომელსაც არ მალავდა და ის ვაჟკაცურად ებრძოდა ამ დაავადებას“, – თქვა „იბერიის“ ეთერში ია ფარულავამ.
სიცოცხლის ბოლო წლებში ლიკა მარტო ცხოვრობდა. 58 წლის ასაკში სწორედ საკუთრ ბინაში იპოვეს მსახიობი გარდაცვლილი. ლიკა საქართველომ დაიტირა. სილამაზე გარდაიცვალა.
11 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

„პრაიმტაიმი“

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow