ქართველი საოპერო მომღერლის, სანკტ-პეტერბურგის მარინის ოპერის თეატრის სოლისტის გიორგი თოდუას ბიძამ, ავთანდილ თოდუამ აფხაზ ხალხს ბოდიში მოუხდა მომღერლის მიერ გალში ჩატარებული კონცერტის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო. როგორც ავთანდილ თოდუა gal tv Rgt -სთან აცხადებს, მისი ძმიშვილის მხრიდან “კარგი საქციელი არ არის” აფხაზეთის რესპუბლიკის არაღიარება.

“მისგან ამას როგორც მე, ისე არც ნათესავები და აფხაზეთის მცხოვრებლები ელოდნენ. მინდა ბოდიში მოვუხადო აფხაზეთის მცხოვრებლებს მისი საქციელის გამო. ის ჩამოვიდა კონცერტისთვის და არ აღიარებს ამ რესპუბლიკას. ეს მისი მხრიდან არ არის კარგი საქციელი. ჩვენ ამას განვიცდით. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა”, – აცხადებს ავთანდილ თოდუა.

გიორგი თოდუა კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც აფხაზეთში – ქართული აუდიტორიისთვის გამართულ კონცერტზე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გააკრიტიკა და საკუთარი შეხედულება ღიად დააფიქსირა. თოდუამ თქვა, რომ აფხაზეთში ადამიანებისთვის გაუსაძლისი პირობებია და ისინი ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელოვნის თქმით, ცუდ პირობებს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება.

comments