21 წლის იყო, ციხეში უმძიმესი ბრალდებით რომ აღმოჩნდა. მართალია, ამბობდა, მოძალადე ქმრისგან თავს ვიცავდიო, მაგრამ სასამართლომ მისი არგუმენტები არ გაიზიარა და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ექვსი წელი მიუსაჯა. სამი წლის შვილთან განშორება მოუხდა… ახლა თამუნა გახოკიძე თავისუფალია და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში სოციალურ მუშაკად მუშაობს, ყოფილ პატიმრებსა და წამალზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება. თამუნა წლების წინ ციხეში გავიცანი, როცა სტატიის მოსამზადებლად ქალთა კოლონიაში მივედი. დღემდე მახსოვს, როგორ ვერ იკავებდა ცრემლებს, როცა თავის ამბავს მიყვებოდა.

 16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. მაშინ სირცხვილად ითვლებოდა მოტაცებული გოგოს დაბრუნება და მშობლებმა დამტოვეს. მალე ფეხმძიმედ დავრჩი, მივხვდი, ჩემს ქმართან ვერ ვიცხოვრებდი – არ მიყვარდა და ბავშვთან ერთად წამოვედი. მერე მეორედ გავთხოვდი. ჩემს მეორე ქმარს ბავშვობიდან ვიცნობდი, თუმცა 12 წელი საქართველოში არ ცხოვრობდა. ვიცოდი, ადრე ნასამართლევი რომ იყო. ცოლად გავყევი, სასამართლო პროცესზე გავიგე, რომ გირაოთი იყო გამოშვებული. პირობით 4 წელი და 8 თვე მიუსაჯეს.ჯვარი რომ დავიწერეთ, მერე აღმო­ჩნდა, რომ მეექვსე ცოლი ვიყავი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სისტემატურად მცემდა. ნარკომომხმარებელიც აღმოჩნდა. იმდენი წამალი არ ჰქონდა, რამდენიც სჭირდებოდა და წამალს სასმელს ამატებდა.

2004 წლი 18 ნოემბერი იყო. იმ დილით ჩემი შვილი და ჩემი პატარა ძმა ბაღში წავიყვანე. იქიდან რომ მოვბრუნდი, ქმარი ქუჩაში დამხვდა, სადღაც მიდიოდა და მეც გავყევი. მივხვდი, წამალი ჰქონდა გაკეთებული. სადაც მივედით, იქ დალია. 6 საათი ხდებოდა, რომ წამოვედით. თხლად მეცვა, მციოდა, თან მშიერი ვიყავი და დროზე მინდოდა სახლში მისვლა. ბავშვებიც გამოსაყვანი მყავდა ბაღიდან და ვუთხარი, ცოტა ჩქარა ვიაროთ-მეთქი. შენ ამის თქმა ვის გაუბედეო და, ქუჩაში დამიწყო ცემა. გავექეცი, სახლამდე მივაღწიე, რომ დამეწია, ყელში მწვდა და მახრჩობდა, თავი დავიძვრინე, ეზოში რომ შევვარდი, ვიყვირე, მიშველეთ-მეთქი, გამოვარდა 75 წლის ბაბუაჩემი და წინ გადაუდგა, მაგრამ მასაც დაარტყა. მერე ჩემკენ გამოიწია და ხერხემალში იდაყვი ჩამარტყა. წაქცეულმა ვთხოვე, აღარ დამარტყა-მეთქი. ადგილზე დაგაკლავო, შემაგინა და ისევ გამოიწია საცემრად. ამ დროს დავინახე, მანქანასთან არმატურის მსგავსი რკინა ეგდო. არ მახსოვს, როგორ ჩავარტყი, მხოლოდ ის მახსოვს, დავინახე, როგორ იყო მის სხეულში ჩარჭობილი. ერთი გავიფიქრე, ახლა თუ ამას არ ამოვაძრობ, თვითონ ამოიძრობს და ჩამარტყამს-მეთქი. ამოვაცალე და იქვე მივაგდე.

– მაშინვე გარდაიცვალა?

– 7-8 წუთი იცოცხლა. გონება არ დაუკარგავს. რომ მივედი, მხოლოდ ეს მითხრა: “ეს შენ ქენი?” ვეხვეწებოდი, არ მოკვდე, ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს-მეთქი. ჩემს ხელში დალია სული. გულზე ყური დავადე, იქნებ სუნთქავს-მეთქი, მაგრამ… მერე ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები – როგორ გადმოსდიოდა სისხლი პირიდან
სანამ პატრული წამიყვანდა, სისხ­ლიანი ხელები და სახე მეზობელმა დამბანა. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს და რაც მეცვა, ექსპერტიზაზე წაიღეს. დილით “კაპეზეში” რომ გავიღვიძე და ჩემს ხელებს დავხედე, ხელებზე მისი სისხლი მქონდა შერჩენილი. ძალიან მძიმე წუთები იყო, რასაც ცრემლის გარეშე დღემდე ვერ ვიხსენებ.

– ციხეში გატარებულ წლებზე რას იტყვით?

– ციხეში ბევრი მეგობარი შევიძინე და გამოცდილებაც მივიღე, მაგრამ სულიერად ყოველთვის მიჭირდა, რადგან მკვლელი მერქვა და სისხლში მქონდა ხელები გასვრილი.

– ექვსი წელი სრულად მოიხადეთ?

– ციხეში ტელეფონი აღმომიჩინეს და წელიწად-ნახევარი დამიმატეს; ამას დაემატა კიდევ ერთი სასჯელი – ე.წ ციხის ბუნტში დამადანაშაულეს, თუმცა მერე ის წლები მომაკლდა. რვა წელი ვიყავი, რომ გამოვედი, სამი თვე პირობითი გამომყვა.
ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი ჩემთან ციხეში მოდიოდა. ძალიან დამეხმარა ტკივილთან გამკლავებაში. ჩემს დროს ამდენი ყურადღება არ ექცეოდა ქალთა მიმართ ძალადობას, თორემ ჩემი საქმე ადასტურებდა, რომ მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ამის მიუხედავად, არ მქონდა უფლება, ადამიანისთვის სიცოცხლე წამერთმია.

– ციხიდან გამოსვლის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება? 

– ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. სულ ვფიქრობდი, ყველამ იცის, რომ მკვლელი ვარ და ციხიდან გამოვედი-მეთქი. იმ დღესვე მინდოდა ჩემი ქმრის საფლავზე მისვლა, მაგრამ ვიცოდი, ჩემები არ გამიშვებდნენ. მეორე დილით ჩავიცვი და გავიპარე. ძალიან დიდხანს ვეძებე, მაგრამ ვერსად მივაგენი. ბოლოს მეზობელი კაცი შევნიშნე, მივუახლოვდი და ვკითხე, ხომ არ იცი, ჩემი ქმარი სად არის დასაფლავებული-მეთქი. გაკვირვებულმა გამომხედა, მიცნო, პატარა ბავშვივით ხელი ჩამჭიდა და ჩემი ქმრის საფლავთან მიმიყვანა. დიდხანს დავრჩი… ძალიან მძიმე იყო… როცა ჩემს სულს ძალიან უჭირს, მივდივარ მის საფლავთან და განვიცდი, რომ ჩემი ხელით მოკვდა. 

– დღესაც გიყვართ?

– ძალიან მიყვარდა… მთელი ცხოვრება დარჩება ჩემს ტკივილად… მერე ცხოვრება თავიდან დავიწყე. დღეს სამი შვილი მყავს.­ უფროსი შვილი სამი წლის იყო, რომ დამაპატიმრეს. ციხეში აივ-ინფექციით დავავადდი. ერთხელ კბილი ამომიღეს, მეორედ ბრმანაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და არ ვიცი, როდის გადამედო. 2008 წელს დამიდგინდა და ამას ძალიან განვიცდიდი. დღეს უკვე ვხვდები, რომ ეს არ არის უსაშველო პრობლემა. ორივე შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ახლა ვირუსი ნული მაქვს და მაქვს იმუნიტეტიც.

– სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდათ?

– რომ იგებდნენ, აივ-ინფიცირებული ვიყავი, ყველგან კარს მიხურავდნენ. არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე მექნებოდა სამსახური და შევძლებდი ჩემი შვილების რჩენას. ისევ მანანა სოლოღაშვილი დამეხმარა. ამჟამად მასთან ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ვარ სოცმუშაკი და ვეხმარები ბენეფიციარებს. შარშან ჩემი ერთი ბენეფიციარის ამბავი დავწერე და კონკურსში მივიღე მონაწილეობა. შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა და საუკეთესო სოცმუშაკის ჯილდოთი დამაჯილდოეს.გენდერის აკადემიის სერტიფიკატიც მომცეს. ახლა, ძირითადად, მათ ვეხმარები, ვინც წამალზე იყო დამოკიდებული.

– თქვენც ხომ არ იკეთებდით წამალს?

– ინიექციული მომხმარებელი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ფსიქოტროპულებს­ ხშირად ვსვამდი. ჩემი შვილი, ანა-მარია რომ არ მყოლოდა, შეიძლება ინიექციური მომხმარებელიც გავმხდარიყავი.
ერთი წლის მყავდა ანა-მარია, ფსიქოტროპული წამლები რომ დავლიე, ამას დავამატე ჩემი წამალიც და გავითიშე. დილით ჩემმა ძმამ მითხრა, შენ რა დედა ხარ, ბავშვი ტიროდა და ვერ გამოგაფხიზლეო. ამის შემდეგ ვთქვი, არასოდეს მოვიქცევი ისე, რომ ჩემი შვილი ჩემ გამო ტიროდეს-მეთქი.
ახლა მთლად საქმეებში ვარ ჩაფლული და ბედნიერი ვარ, რომ ადამიანების დახმარება შემიძლია.

კვირის პალიტრა

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow