პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეჯამებულია გამოვლენილი სამართალდარღვევები, ასევე მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის რაოდენობა. გამოვლენილია 274 სამართალდარღვევა. ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა მოქალაქეთა 240 მიმართვა. 145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. ანგარიშის თაობაზე უფრო დეტალურად „მაესტროს“ კითხვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა უპასუხა.

როგორი იყო გასული წელი პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, უფრო მეტად სად იკვეთება დარღვევები?

გასულ წელს გაიზარდა ჩვენ მიერ ჩატარებული ინსპექტირების რაოდენობა, ისევე როგორც მოქალაქეთა მომართვიანობა და გამოიკვეთა, რომ უფრო ხშირად მოქალაქეები მოგვმართავდნენ კერძო სექტორში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ინსპექტირება-განცხადების განხილვა განხორციელდა 270 შემთხვევაში კერძო სექტორში. თუმცა, რა თქმა უნდა, არც საჯარო სექტორი დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე, 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი საჯარო სექტორში. აქ როგორც სამინისტროების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა უწყებების მონაცემთა დამუშავების პროცესები იქნა შესწავლილი და ასევე ამ საჯარო სექტორიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სამართალდამცავ სექტორს.

დარღვევის ტიპებზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, დარღვევის ანალიზისას უფრო მეტად რა იკვეთება?

275 დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისად, დარღვევები ვლინდებოდა, როგორც ვიდეო თვალთვალის წესთან დაკავშირებით, ასევე პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით, საფუძვლის გარეშე მონაცემების გასაჯაროება, ან სხვისთვის გადაცემა, მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ყველა ტიპის დარღვევა იყო წარმოდგენილი, თუმცა გამოვყოფდი, რომ სამწუხაროდ 2017 წელსაც საკმაოდ ბევრი დარღვევა გამოიკვეთა სესხის ამოღების პროცესთან დაკავშირებით. ხშირი იყო ფაქტები, როდესაც ხდებოდა, ვთქვათ კომპანიების კანონიერ ინტერესს შორის დაებრუნებინათ თანხა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ხდებოდა ამ პროცესში მოქალაქეთა სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნება, რაც თავის თავად არ ჯდებოდა არც სახელშეკრულებო ურთიერთობების და არც კანონის ფარგლებში.

2017 წელზე როცა ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ალბათ, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესისას იყო კამათი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით და თქვენ მაშინაც გქონდათ განმარტებები. ეს საკითხი რამდენად პრობლემატურად ხვდება ანგარიშში?

ჩვენ იმ დღესვე გამოვეხმაურეთ ამ საკითხს და ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხმის ფარულობის დაცვა. სხვათა შორის „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ მოგვმართა ძალიან დეტალური ინფორმაციით. ჩვენ ჩავატარეთ შესწავლა, დაახლოებით 40-მდე საარჩევნო უბნის პროცესი და მასალა იქნა შესწავლილი. იქიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცულობითი იყოს სამუშაოა, 2017 წელს ვერ დასრულდა, მაგრამ 2018 წელს ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხის შესწავლა და წელს. ვინაიდან საარჩევნო წესში წერია, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტების დაცვა.

ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის თუნდაც საჯარო სექტორის აღქმა პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობაზე რამდენად მომატებულია?

ვიტყვი, რომ საჯარო სექტორში არსებითად არის ინფორმირებულობის დონე გაზრდილი და ასევე კერძო ორგანიზაციებიდან განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესში მათ იციან რა ვალდებულებებს აკისრებს კანონმდებლობა, შესაბამისად გარკვეული ნაბიჯებიც იდგება არა მხოლოდ ინსპექტორის მითითების საფუძველზე, არამედ დამოუკიდებლადაც ახორციელებენ ისინი გარკვეულ ცვლილებებს იმისთვის, რომ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემთა დამუშავების პროცესი. განსაკუთრებით დიდია ასევე იმ ბიზნესის ინტერესი, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საქმიანობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესში კვლავ სერიოზული პრობლემებია ამ თვალსაზრისით. საჯარო სექტორში, ჩვენ ეს ანგარიშშიც გვაქვს აღნიშნული, გარკვეული ცვლილებები გატარდა. იგივე წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით გარკვეულ საკითხებში იგივე დარღვევების კლებაა, გაზრდილია მათი მხრიდან მონაცემთა დასაცავად გასატარებელი, მათ შორის, უსაფრთხოების ზომები, რაც უდავოდ დადებითია. თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე სექტორში რჩება საკმაოდ ბევრი გამოწვევა და ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ თემებზე მუშაობა.

თქვენ ბრძანეთ, რომ არა მხოლოდ ინსპექტორის მითითების საფუძველზე, არამედ ისედაც მეტ-ნაკლებად გაიზარდა მონაცემთა დაცვის აუცილებლობის აღქმა, მაგრამ რამდენად გაქვთ განცდა, რომ თქვენი რეკომენდაციები სრულდება? განსაკუთრებით საინტერესოა სახელმწიფო უწყებებს მხრიდან რეაგირება.

ჩვენ ასეთი სისტემა და პრაქტიკა გვაქვს დანერგილი, როდესაც ჯარიმის დაკისრება ან გაფრთხილების მიცემა ხდება, ასევე დავალებების და რეკომენდაციების გაცემა, ყოველთვის ვითხოვთ ანგარიშს, რათა გვქონდეს შესაძლებლობა სწორედ ეს პროგრესი შევაფასოთ, გატარდა თუ არა სათანადო ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ არ გატარდა, რა თქმა უნდა, გვრჩება ბერკეტი, რომ ხელახლა განვახორციელოთ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება. ამ თვალსაზრისით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ დავალებების გათვალისწინება ხდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დავალებების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება მათ ეხმარებათ პრევენციული ღონისძიებები გაატარონ იმისთვის, რომ მსგავსი დარღვევები მომავალში თავიდან იყოს არიდებული და ყოველთვის ვამბობთ, რომ ერთი მოქალაქის ინტერესების დაცვა ამავე დროს ხელს უწყობს სხვა მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებიც შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში და მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ დარღვევის ფაქტზე ხდებოდეს რეაგირება, არამედ ამ დარღვევის სისტემური გააზრება და შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. დღეს, 21-ე საუკუნეში პერსონალური მონაცემების დაცვა არის მსოფლიო გლობალური გამოწვევა. იცით, რამდენად მზარდია საფრთხეები და შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დასაცავად არსებითად მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

ახლა საუბრობდით მითითება-რეკომენდაციებზე. ახალი საგამოძიებო დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ასევე იქნება თქვენი კომპეტენცია 2019 წლიდან. აქ ჯერ კიდევ კამათია იმის შესახებ, რომ ამ ახალ დეპარტამენტს არ ექნება დასჯის ბერკეტი, შესაბამისად, ის ეფექტური არ იქნება. რამდენად იმუშავებს რეკომენდაცია-მითითება ამ შემთხვევაში და თქვენი მთავარი ბერკეტი რა შეიძლება იყოს, თუკი ვერ მოითხოვთ ვინმეს დასჯას?

არა, აქ ჯერ საბოლოო პროდუქტი, კანონპროექტის სახით, ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა აქ საუბარი სულაც არ იყო მითითებებსა და რეკომენდაციებზე, აქ საუბარი იყო საგამოძიებო უფლებამოსილებაზე, რომელიც განხორციელდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე და რა თქმა უნდა, გამოძიებამ ასეთ შემთხვევაში უნდა დადოს კონკრეტული შედეგი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მტკიცებულებები უნდა მოგროვდეს, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს პირის ბრალეულობას. უკვე შემდგომი ეტაპი, დევნის განხორციელება და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერა ამ მოაზრებული კანონპროექტით კვლავ პროკურატურის ფუნქცია იქნება, მაგრამ აქ საუბარი იყო საგამოძიებო უფლებამოსილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მითითებებს, რჩევებს და რეკომენდაციებს არ გულისხმობს. ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ წინ გველის ამ პროექტის და იდეის ყველა ასპექტის განხილვა. ერთ-ერთი თემა ასევე იყო გაჟღერებული, რომ ამ მოდელში ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ინსპექტორის პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულება შემცირდეს და ჩვენ თავისთავად შევთავაზეთ ისეთი ცვლილებები და ისეთი იდეები იუსტიციის სამინისტროს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, რომ ასეთი ტიპის წუხილები მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი და ვთქვათ თავსებადობის საკითხი ყოფილიყო ძალიან მკაფიოდ გამოხატული. ასევე ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით იმდენი გამოწვევაა, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ნაბიჯის უკან გადადგმის არც უფლება, არც საშუალება და რაც მთავარია, არც სურვილი, არ გაქვს. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის მათი უფლებების დაცვა. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ მაშინ როდესაც ერთი რიგითი მოქალაქის მონაცემები შეიძლება 250-დან 1500-მდე ორგანიზაციაში არსებობდეს, ის მარტო ვერ დარჩება საკუთარი უფლებების დასაცავად და რკინის ქალამნებს ვერ ჩაიცმევს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების მიდგომა, რომ საზედამხედველო ორგანოების როლი და ფუნქცია უნდა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვის ნაწილში ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ და ინტენსიურ მუშაობას.

თუმცა არანაკლები პრობლემაა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული, რომელიც წლებია არის საკამათო ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, ამ შემთხვევაში ყოველთვის იქნება დასმული კითხვა, რამდენად ობიექტურად ჩატარდება საგამოძიებო პროცესი? იმიტომ რომ, მუდმივად კითხვებია, თუ საქმე ეხება ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მიერ გადაცდომას.

რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. წლებია უკვე ამ თემაზე ზოგადი მსჯელობა მიმდინარეობს, ახლა უკვე რაღაც კონკრეტულ მოდელამდე მივედით…

ფიქრობთ, რომ ეს ორგანო საზოგადოების ამ განწყობას მეტნაკლებად შეცვლის, მოიპოვებს ნდობას?

კითხვის ნიშანი შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერზე დაისვას. მე მახსოვს, მაგალითად იგივე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის დროს ასევე იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ჩვენ კანონმდებლობა გვაძლევს მოქმედების საშუალებას და რაც ჩვენ მანდატს მიეკუთვნება, მაქსიმუმი კეთდება. მათ შორის საზოგადოების ინფორმირებულობის ნაწილში. ის, რომ მათ დღეს უფრო მეტი იციან თუნდაც ზედამხედველობის შესახებ, ვიდრე გუშინ იცოდნენ. ამიტომ, თავისთავად კითხვის ნიშნები უნდა დაისვას. ეს არის სწორედ დებატებისა და განხილვის აუცილებელი კომპონენტი და ყველა თემა უნდა იყოს განხილული. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში შემოთავაზებულ მოდელში ინსპექტორი, რომელიც სამართალდამცავი სისტემისთვის ისედაც საზედამხედველო უწყებას წარმოადგენდა, ის არასოდეს არ იყო აფილირებული ამ სექტორთან ამ საქმეში, თუ ეს მოდელი იქნა დამტკიცებული, შემოდის თავისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უკვე არსებული სტანდარტით, რომელიც, რა თქმა უნდა არის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და სრული დამოუკიდებლობა აქვს საქმიანობის პროცესში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow