ბრიტანელი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრ ამბერ რადისგან 14 ადამიანის მოულოდნელი ან საეჭვო გარდაცვალების ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.ამ 14 ადამიანს შორის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რომელიც 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების მოთხოვნას წინ უძღოდა ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლა, რომლებიც 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საშინაო საკითხებში პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ივეტ კუპერმა შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიმართვისას, ამბერ რადს ამ 14 გარდაცვალების გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლებიც ბრიტანულმა პოლიციამ საეჭვოდ არ ჩათვალა, თუმცა რამდენადაც ცნობილია, ზოგიერთ მათგანს ამერიკული სპეცსამსახურები რუსეთს უკავშირებენ.14 საეჭვო გარდაცვალებაზე, რომელიც კუპერმა ახსენა, გამოცემა BuzzFeed-მა გასულ წელს გამოძიება ჩაატარა.

გარდაცვლილების უმრავლესობა ასე თუ ისე დაკავშირებულია რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან, რომელიც ლონდონში 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს.

გამოძიების ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანების გარდაცვალებასთან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები ან მაფიოზური დაჯგუფებები არიან დაკავშირებულები, ბრიტანულმა პოლიციამ კი ისინი თვითმკვლელობად ან უბედურ შემთხვევად აღიარა, რათა რუსეთთან ურთიერთობები არ გაფუჭებულიყო.

„ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

2001 წლამდე მას ბიზნესი რუსეთში ჰქონდა, 1995-2001 წლებში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ტელეკომპანიებში ОРТ და ТВ-6.2001 წლის ივლისში, რუსეთის მთავარმა პროკურატურამ პატარკაციშვილი კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში გაემგზავრა, რუსეთის ხელისუფლებამ კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.რუსეთის მცდელობის მიუხედავად საქართველომ პატარკაციშვილის გადაცემაზე უარი თქვა.

„2008 წლის იანვარში ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის თებერვალში ის ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა“, – წერს BBC.

პატარკაციშვილის გარდა ბრიტანელი პარლამენტარები ბორის ბერეზოვსკის, რადიაციის საკითხებში ექსპერტის მეთიუ პანჩერის, ბრიტანელი ბიზნესმენის სკოტ იანგის, რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე პერეპილიჩნის, იურისტ სტივენ მოსის, Time-ს ჟურნალისტის დენიელ მაკგრეგორის, ნავთობკომპანია “იუკოსის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, იური გოლუბევის და კიდევ რამდენიმე პირის გარდაცვალების გამოძიებას მოითხოვენ.

alia.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow