საჯაროდ, ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წამმზომი ჩართული აქვს და მას გიორგი გახარია ან მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლებენო, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უფრო კონკრეტულად კი, სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერებმა კონკრეტული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას «ბოზანდარა ქალის ჭორაობა» უწოდეს, თუმცა არ დააკონკრეტეს, ვის გულისხმობდნენ «ბოზანდარა ქალში» და ვისკენ იყო მათი აგრესია მიმართული.

თუმცა, მთავარი ეს არ გახლავთ. მთავარი ისაა, რომ «ქართული ოცნების» შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა და პრემიერის პოსტისთვის ბრძოლამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახში გადაინაცვლა. ანუ ექსპრემიერის უფროს შვილს, უტა ივანიშვილს მომავალ პრემიერად მეგობარი მამუკა ბახტაძე სურს, ხოლო უშუალოდ ბატონ ბიძინას – გიორგი გახარია. ეს თავად ბახტაძემაც და გახარიამაც კარგად იციან და რაღა თქმა უნდა, იცის კვირიკაშვილმა. ამიტომ, როგორც წყარომ გვითხრა, აღნიშნული ინფორმაცია ყოფილი თანაგუნდელის პირით, სწორედ კვირიკაშვილის გარემოცვამ გაავრცელა ერთადერთი მიზნით – თავის დაზღვევა!

კვირიკაშვილი ოპოზიციაში წამსვლელი არაა და პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილივით პირში წყლის ჩაგუბება და ლოდინი მოუწევს, ლოდინი იმისა, როდის გადაუგდებენ რაიმე სამსახურს. შესაბამისად, პრემიერი თავის პოსტს კბილებით ებღაუჭება და ამ ბრძოლაში მარტოა, რადგან ყველას განწირული ჰგონია. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შვილების სურვილებს დიდ ანგარიშს უწევს და სწორედ მათი ანგარიშის გაწევის შედეგია არაერთ მუნიციპალიტეტში პირველ პირებად ბერას და უტას საძმაკაცოს (ან ძმაკაცის ძმაკაცის) მოსვლა. ჰოდა, ამ ნაბიჯით კვირიკაშვილმა პოსტზე ყოფნა მინიმუმ რამდენიმე კვირით გაიხანგრძლივა.

ესეც არ იყოს, ამერიკაში პრეზიდენტის ვოიაჟი მიმდინარეობს და უკვე გაირკვა, რომ მას არაერთი გავლენიანი კონგრესმენი უჭერს მხარს. ანუ, თუ მარგველაშვილი პრეზიდენტობას ისევ მოინდომებს, ამერიკა ამის წინააღმდეგი არ იქნება, ამ სიტუაციაში კი მინისტრთა კაბინეტში ახალი გადაადგილებები, «ოცნების» ისედაც დაცემულ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დაწევს. მით უმეტეს, რომ კვირიკაშვილის შეცვლის შემთხვევაში, თანამდებობას მინიმუმ მინდია ჯანელიძე და ზურაბ ალავიძე გამოეთხოვებიან.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ჩვენი წყაროს ინფორმაციით, განცხადება, რომელიც კვირიკაშვილმა გააკეთა და რომელზეც დღემდე საუბრობენ, შეთანხმებული იყო ყველასთან, ირაკლი კობახიძით დაწყებული, პარტიის რიგით თანამშრომლამდე დამთავრებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხმაური ატყდა, პირდაპირი მხარდაჭერა კვირიკაშვილს არავინ გამოუცხადა და პასუხისმგებლობა არავინ გადაინაწილა. ამან კიდევ ერთხელ მიახვედრა პრემიერი, რომ მარტოა და საკუთარ თავს თავად უნდა უშველოს. რომ არა მამუკა ბახტაძე, გახარია კვირიკაშვილისთვის ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან კრიმინალის დონე ისეა მომატებული, შს მინისტრის დაწინაურება უამრავ კითხვის ნიშანს გააჩენდა, მაგრამ ბახტაძის გამოჩენამ გახარიაც გაააქტიურა, რაც კვირიკაშვილს ყველაზე ნაკლებად აწყობდა. უშველის თუ არა პრემიერს წამოწყებული ავანტიურა, მოკლე ხანში გამოჩნდება.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow