„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეხუთე მუხლის ის პუნქტები, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; ასევე, სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება; ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით. თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარიმო სანქციები 150 და 200 ლარია, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. ამ ეტაპზე სტატისტიკა დარღვევებზე არ აქვთ. თვის ბოლოს  შეჯამდება, როგორ იმუშავა შემოსავლების სამსახურმა. „პრაიმტაიმი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს მამუკა ჯანგულაშვილს დაუკავშირდა:

– თამბაქოს კონტროლის შესახებ „საქართველოს კანონში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კანონმდებელმა ახალი რეგულაციები დააწესა თამბაქოს როგორც მოხმარებაზე, ისე რეალიზაციაზე. აღნიშნული ცვლილებების მიზანს კი წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირება, ხოლო კანონის მიზნის მიღწევისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი კონტროლის პროცედურებს. რაც შეეხება მოსაზრებას „დახლს ქვემოთ“ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყოველდღიურად ახორციელებს კონტროლის პროცედურებს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი პირის მიმართ შედგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.

– კანონში წერია, რომ დაუშვებელია თამბაქოს რეალიზაცია იმ სექციებში, სადაც სხვადასხვა საბავშვო პროდუქციაა განლაგებული. ეს რას ცვლის მნიშვნელოვნად და აქვე, მაინტერესებს, რატომ ითვლება მხოლოდ საბავშვო პროდუქტად მაგალითად ე. წ. „ქინდერ“ შოკოლადი და ჩუპა-ჩუპსი?

– აღნიშნული ნორმის დანაწესი სიახლეს არ წარმოადგენს. ასეთ დათქმას 2018 წლის პირველ მაისამდე მოქმედი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიც ითვალისწინებდა, აღნიშნული კი ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით: „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია: სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები იყიდება. სიახლეა ამკრძალავი ნორმის გაფართოება, რადგან ზემოხსენებულს დაემატა „კვების პროდუქტი“. აღნიშნული ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება“. რაც შეეხება საკვებს, კანონმდებელი არ აზუსტებს ბავშვთა პროდუქციის ჩამონათვალს. შესაბამისად, ნორმის დანაწესის მიხედვით ბავშვთა კვების პროდუქტად მოიაზრება ყველა ის პროდუქტი, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა კვებისთვის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია არამხოლოდ იმ სექციაში, სადაც ხორციელდება საბავშვო პროდუქტის რეალიზაცია, არამედ სავაჭრო ობიექტის იმ სექციებშიც, სადაც ბავშვის ტანსაცმელი ან სათამაშო იყიდება. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია მისი რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში კი გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

– გამონაკლისი შემთხვევები თუ არსებობს თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებიც ქუჩაში, ტრანსპორტში თამბაქოთი ვაჭრობენ და შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ. შეიძლება მათ არ იციან ახალი კანონის შესახებ…

– ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების სტადიაზე კანონმდებლობა შეღავათებთან დაკავშირებით რაიმე სახის დათქმას არ ითვალისწინებს. ამავდროულად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მისი არცოდნა პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა გასაჩივრების შემთხვევაში, შესაბამის, საქმის განმხილველ უფლებამოსილ ორგანოს, რიგ შემთხვევებში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლია გაათავისუფლოს სამართალდამრღვევი პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამბაქოს შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლევან კობერიძემ გვითხრა, რომ წესების დარღვევაზე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სანქციები აქვს დაწესებული. საბავშვო და არასაბავშვო პროდუქციასაც  თავისი კლასიფიკაცია აქვს და შესაბამისი საბუთების წარდგენას ექვემდებარება. „საბავშვო შოკოლადის თუ ჩუპა-ჩუპსის გასინჯვა რა შუაშია? მასე, საბავშვო კრემი შეუძლია მოიხმაროს ადამიანმა, თუ უნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! შესაბამისი სერტიფიკატით განისაზღვრება, რომ ის საბავშვო პროდუქციაა“. – ამბობს ლევან კობერიძე.

გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე:

– მეტი ინფორმირებულობისთვის გეტყვით, რომ სექტემბრიდან თამბაქოს კოლოფების გარე ხილვადობა იკრძალება, ვიტრინებსა და ვიტრაჟებზე გამოფენილი ლამაზად გაფორმებული თამბაქოს კოლოფები, რაც რეკლამა-პოპულარიზაციის ნაწილია და თვალშისაცემია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის!

– კანონში ვკითხულობთ, რომ თამბაქოს გაყიდვა აკრძალულია სავაჭრო ობიექტების იმ სექციებში, სადაც საბავშვო პროდუქციაა განლაგებული. თუ ერთად მომყიდეს სიგარეტი და სათამაშო ან შოკოლადი, რა ჯარიმაა ამაზე?

–  მხოლოდ ერთად განლაგებას არეგულირებს კანონი. ერთად მიყიდვაზე ჯარიმა არაა. აკრძალვის ეს ნორმა 2003 წლიდანვე იყო ჩადებული, უბრალოდ, ადმინისტრირება იყო რთული და სასამართლოს ქვემდებარე. ამჟამად, გამარტივდა და, შესაბამისად, ეფექტური იქნება ადმინისტრირება. გარდა შემოსავლების სამსახურის კონტროლისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორებიც მოახდენენ მონიტორინგს და გამოავლენენ დარღვევებს.

– საზოგადოებისთვის გაუგებარი რომ არ დარჩეს, რატომ ითვლება, მაგალითად, ჩუპა-ჩუპსი ან ქინდერ შოკოლადი მხოლოდ საბავშვო პროდუქტად, რით დგინდება?

– ანუ ქინდერი თქვენც გიყვართ და რატომ გიკრძალავენ, რომ თამბაქოს პროდუქტთან ერად იყოს გამოფენილი?.. აქ ბავშვებში, ქვეცნობიერად, თამბაქოს, როგორც უსაფრთხო პროდუქტის, ხატი იქმნება და ჩვეულებრივ ამბად აღიქმება მისი მოხმარებაც, როცა ბავშვებისთვის განკუთვნილ ნივთებთან ერთადაა განთავსებული თამბაქო. ეს ინდუსტრიის მარკეტინგული ხრიკია, რომელიც ორიენტირებულია ამ სეგმენტზე, ბავშვები და ახალგაზრდები ჩაითრიოს ამ სახის ნარკომოხმარებაში, რასაც თამბაქო წარმოადგენს.

– რა სახის ჯარიმებს ითვალისწინებს აღნიშნული დარღვევები?

– საჯარიმო სანქციები 150 და 200 ლარია, განმეორებისას ორმაგდება. ამ ეტაპზე სტატისტიკა არ მოგვიპოვებია, თუმცა თვის ბოლოს მოვიპოვებთ და შევაჯამებთ, როგორ იმუშავა შემოსავლების სამსახურმა.

– გამონაკლისი შემთხვევები თუ არის გათვალისწინებული აქ?

– კანონი თანაბრად მოქმედებს და არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს. კანონის ნორმის შესახებ არაინფორმირებაც არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან.

აღნიშნულ თემაზე ჩვენ ორ დიდ მაღაზიასაც დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, როგორ შეხვდნენ ცვლილებებს.

მაღაზია „ლიდერი“:

„სიგარეტის გაყიდვა ერთ სექციაზე, სადაც საბავშვო პროდუქციაა განთავსებული, ადრეც გვქონდა აკრძალული, არც ღერებით ვყიდდით. ალკოჰოლური სასმელების გვერდით სექციაში იყიდება. იგივეა,  ფაქტობრივად, დიდი ცვლილება არ არის რეალიზაციაში. შეიძლება შემცირდეს გაყიდვები. რა თქმა უნდა, დავზარალდებით, მაგრამ, როგორც მეწარმეს, მირჩევნია დავზარალდე, ვიდრე ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. წელიწადში უამრავი ადამიანი კვდება საქართველოში მოწევით. კარგია ჯანსაღი ცხოვრება და მივესალმები ამ ახალ კანონს“.

სასურსათო მაღაზიის მფლობელი:

– ისედაც ყოველთვის უარყოფითად ვიყავი განწყობილი მოწევის მიმართ. მომწონს, რომ აიკრძალა. ერთხელ, კამათიც მომივიდა ამასთან დაკავშირებით მომხმარებელთან. ვისაც მივყიდე, თურმე გოგო ყოფილა, ბიჭი მეგონა, ისე იყო ჩაცმული, ასაკიც არ ემჩნეოდა, რომ პატარა იყო. მომატყუა, 22 წლის ვარო. კულუარებიდან ვიცი, რომ არც უნდა ჩანდეს, ისე უნდა გაიყიდოს. გინდ ჩანდეს, გინდ – არა, მაინც არ ვყიდი 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე. ღერებზეც არასდროს გამიყიდია, იმიტომ რომ ნერვები მეშლებოდა, რომ შემოდიოდნენ და კითხულობდნენ, თან მაგ დროს შლი კოლოფს, ირევა. დანარჩენი, ვინც შედის მაღაზიაში და ხედავს, არ დევს, ისედაც იცის, რომ იქ იყიდება სიგარეტი. მე ახლა ვეღარც შემოვიტან იმ ოდენობით, როგორც შემომქონდა. არ არის მაგის საშუალება, ძალიან ძვირია. გარდა ამისა, იმდენი შემდიოდა მოწევით, შეწუხებული ვიყავი, ვერაფერს ვამბობდი, ახლა თავისუფლად ვეუბნები. როგორც კი შემოვიდა ახალი რეგულაციები, მაშინვე ამოვბეჭდე ინფორმაციის სახით და გამოვაკარი. ადრე მაგის გამო კიდეც მოვყევი „რეიდში“. სააკაშვილის დროს იყო ეს ამბავი. მაშინ იურიდიულ პირებს არა შემოსავლების სამსახური, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებდა. 50 ლარით დამაჯარიმეს.

– კონკრეტულად რის გამო დაჯარიმდით?

– საერთოდ, სათამაშოები, საბავშვო შოკოლადები, კანფეტები, საღეჭი რეზინები თუ სხვა აქსესუარები არ უნდა ყოფილიყო მაღაზიაში, არამცთუ ერთ სექციაში სიგარეტთან ერთად. მე უბრალოდ ვერ გავიგე ერთი რამ, საბავშვო შოკოლადი, კანფეტი რას ნიშნავს? შოკოლადსა და კანფეტს ხომ ყველა მიირთმევს

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow