17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ლგბტ-ს მოძრაობა თანაბარი უფლებებისათვის 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მაგრამ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები (ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები) დღემდე განაგრძობენ ბრძოლას დისკრიმინაციის და დევნის წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე წელია, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.

ჰომოსექსუალები ვინ არიან?

თანამედროვე მეცნიერებაში, კერძოდ ბიოლოგიასა და მედიცინაში მიჩნეულია, რომ ჰომოსექსუალობა, როგორც ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაცია – ნორმის ნაირსახეობაა და არა ავადმყოფობა. იმას, თუ კონკრეტულად რა ახდენს მასზე გავლენას, მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომ ეს შეიძლება იყოს გენები ან ნაყოფის განვითარების ჰორმონალური თავისებურებები. მაგალითად, მეცნიერების თქმით, დადასტურებულია, რომ Х-ქრომოსომაზე დეენემის მონაკვეთი Xq28, ნამდვილად არის კორელაციაში სექსუალურ ორიენტაციასთან, ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი კაცების ტვინის წყობაც განსხვავებულია. ანალოგიური სხვაობა აღმოაჩნდათ ცხვრებსაც. დიახ, არსებობენ ჰომოსექსუალი ცხვრებიც, ისევე როგორც შიმპანზეები, სპილოები, დელფინები, პინგვინები და მტრედები. ამიტომ არ მიიჩნევა, რომ ჰომოსექსუალობა აღზრდის ან გარემოს გავლენის შედეგია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია და შეძენილი ჰომოსექსუალური ქცევა, ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, არსებობს „სიტუაციური ჰომოსექსუალობა“, როდესაც ადამიანი შედის ერთნაირსქესიან კონტაქტში იმის გამო, რომ ჰეტეროსექსუალური კავშირები მისთვის ხელმისაწვდომი არ არის (მაგალითად, ციხეში). ეს არ აქცევს ადამიანს ჰომოსექსუალად: როდესაც სიტუაცია იცვლება, ის ძველ ქცევას უბრუნდება.

პირიქითაც ხდება: ჰომოსექსუალებს შეიძლება ჰქონდეთ ჰეტეროსექსუალური ცხოვრების წესი საზოგადოებაში მათი ქცევის მიუღებლობის გამო. საქმე მხოლოდ პირდაპირ აკრძალვებს არ ეხება, თუმცა ბევრ ქვეყანაში სასჯელი ჰომოსექსუალური ქცევისთვის არცთუ დიდი ხნის წინ გაუქმდა (დიდი ბრტანეთში -1967 წელს, რუსეთში – 1993 წელს, საუდის არაბეთში ჰომოსექსუალური ქცევა დღემდე დანაშაულია და ამისთვის ადამიანი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ).

გარდა ამისა, მე-20 საუკუნის განმავლობაში ადამიანების ჰომოსექსუალობისგან „განკურნებასაც“ ცდილობდნენ მედიკამენტების, ელექტროშოკის ან ფსიქოთერაპიის დახმარებით, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო. ბევრი ჰომოსექსუალი მალავდა ან თრგუნავდა თავის ორიენტაციას, ქორწინდებოდა სხვა სქესის ადამიანზე და ცხოვრობდა ჰეტეროსექსუალური ცხოვრებით, რაც მათ ჰეტეროსექსუალებად არ აქცევდა.

ჰომოფობები ვინ არიან?

ჰომოფობიის ფესვები იმ იდეაშია, რომლის თანახმად ქალებს და კაცებს მკაფიოდ განსაზღვრული, ერთადერთი სწორი როლი აქვთ. პატრიარქალურ კულტურაში ქალისთვის მახასიათებელი თვისებებია სისუსტე, მორჩილება, პასიურობა, ხოლო კაცის – მბრძანებლურობა, აგრესია, აქტიურობა. ეს ურთიერთობების ჰეტერონორმატიული მოდელია, რეგლამენტირებული ქცევა, მათ შორის სექსუალურიც: ამ წესების უარყოფა „არანორმალური“ და მიუღებელია. ამას ადასტურებს თანამედროვე სოციოლოგიური გამოკითხვებიც: ყველაზე ცუდად ჰომოსექსუალ მეზობელს მოექცეოდნენ ღრმად პატრიარქალურ ქვეყნებში, როგორებიცაა იორდანია, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.

ჰომოფობიის მნიშვნელოვან, მაგრამ არა ერთადერთ საფუძვლად მიიჩნევა რელიგიური ტრადიციები: ეკლესია კონსერვატიული ღირებულებების დამცველია. თანამედროვე სამყაროს მსხვილი რელიგიების უმრავლესობას ჰომოსექსუალობის მიმართ ისტორიულად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო აბრაამისეულ რელიგიებში (პირველ რიგში, იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში) ერთნაირსქესიანი ურთიერთობები მკაცრად იკრძალება.

ქრისტიანობაში, როგორც ისლამში, ეს აკრძალვა დასაბუთებულია, პირველ რიგში, წმინდა ტექსტების ჩანაწერებით. ქრისტიანებისთვის ეს არის ახალი აღთქმა (სახარებებში ქრისტეს ჰომოსექსუალობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, მას თავის გზავნილებში გმობს პავლე მოციქული), ხოლო მუსლიმებისათვის – ყურანი. ორივე ტრადიციამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჰომოსექსუალების მიუღებლობა ამ რეგიონებში. მიუხედავად ამისა, ისტორია მოწმობს, რომ ჰომოსექსუალური კავშირები ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ქრისტიანულ, ისე – ისლამურ სამყაროში, როგორც შუა საუკენეებში, ისე – დღევანდელ დღეს.

ჰომოსექსუალობის მიმართ დღეს რა დამოკიდებულებაა?

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, მათ შორის მორწმუნეებს შორისაც, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა დღეს აღარ ცხოვრობს ძველი კანონებით. ეს განსაკუთრებულად დამახასიათებელია პროტესტანტული მიმდინარეობებისათვის, რომლებშიც წმინდა ტექსტების საკმაოდ რადიკალური გადაფასება ხდება.

ახლა მსოფლიოში ცხოვრობს ბევრი მორწმუნე, რომლის დამოკიდებულებაც ლგბტ თემის მიმართ ნეიტრალურია. მეტიც, არსებობენ მორწმუნე ჰომოსექსუალებიც და არამხოლოდ პროტესტანტებს შორის, არამედ იუდეველებშიც (აშშ-ში პოპულარული რეფორმისტული იუდაიზმი ერთნაირსქესიან ქორწინებებს აღიარებს), მუსლიმებშიც და ქრისტიანებშიც. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა, ისევე როგორც სხვა არაპროტესტანტული ქრისტიანული ჯგუფები ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევენ.

რა საჭიროა გეი აღლუმები და საკუთარი ორიენტაციის დემონსტრირება?

გეი აღლუმები გაჩნდა, როგორც 1960-იანი წლების ბოლოს სამოქალაქო უფლებებისათვის, კერძოდ, კი დისკრიმინაციული კანონების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. მაშინ ჰომოსექსუალური კავშირები ბევრ ქვეყანაში დანაშაულად მიიჩნეოდა. პირველი გეი აღლუმი ჩატარდა 1970 წლის 28 ივნისს ნიუ-იორკში სტოუნვოლის აჯანყების (ამბოხება გეი ბარებზე პოლიციელების რეიდების წინააღმდეგ, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა) წლისთავზე. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა დეკრიმინალიზებულია, თუმცა ლგბტ ადამიანები კვლავ დისკრიმინაციაზე ჩივიან და თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ. ამიტომ გეი აღლუმების მიზანი დღესაც იგივეა. ლგბტ თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, არამედ ასეთი ადამიანების გაერთიანება და მხარდაჭერაა, ასევე საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, რომ ისინიც არსებობენ და ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც ჰეტეროსექსუალ უმრავლესობას.

რა საჭიროა ერთნაირსქესიანთა ქორწინებები?

ქორწინების უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციით: „ქორწინების ასაკს მიღწეულ კაცებს და ქალებს უფლება აქვთ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი ნაციონალური კანონმდებლობის თანახმად“. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, კანონმდებლობა არ აძლევს მსგავს შესაძლებლობას ერთნაირსქესიან წყვილებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ ქორწინების სურვილში არ არის, არამედ სამართლებრივ ასპექტებში და იმაში, რომ მათ არ აქვთ ის შესაძლებლობები, რომელთაც კანონი ჰეტეროსექსუალ წყვილებს აძლევს. მაგალითად, ერთნაირსქესიანი პარტნიორები არ მიიჩნევიან ნათესავებად, ოჯახის წევრებად; შესაბამისად, ანდერძის გარეშე ვერ ექნებათ მემკვიდრეობის უფლება, პარტნიორის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიიღების უფლება, თუ ის საავადმყოფოში მოხვდა და ა.შ.

რა ასაკში იგებს ადამიანი რომ ჰომოსექსუალია?

თანამედროვე ფსიქოლოგიაში მიჩნეულია, რომ სექსუალური ორიენტაცია 6-დან 14 წლამდე ასაკში ვლინდება, ზუსტად იმ დროს, როდესაც ბავშვებს და მოზარდებს უჩნდებათ სექსუალური ინტერესი და უყვარდებათ სხვა ადამიანები. ამავდროულად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბება მოზარდებში – რთული და არაერთგვაროვანი პროცესია და აუცილებლად არ ემთხვევა სექსუალურ ქცევას. ის შეიძლება აცობიერებდეს თავის ჰომოსექსუალობას მაგრამ არ ჰქონდეს არანაირი სექსუალური გამოცდილება ან ჰქონდეს ფრაგმენტული ურთიერთობა თავისი სქესის ადამიანთან, მაგრამ არ მიიჩნევდეს თავს ჰომოსექსუალად.

შიდსი ჰომოსექსუალების დაავადებაა?

შიდსის ეპიდემია 1980-იანი წლების დასაწყისში ყველაზე მეტად მართლაც ჰომოსექსუალებს შეეხო. თავდაპირველად ვირუსს GRID-საც კი უწოდებდნენ – gay-related immunodeficiency (ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული იმუნოდეფიციტი). 1978 წლისთვის შიდსით ინფიცირებული იყო ნიუ-იორკის და სან-ფრანცისკოს უკვე რამდენიმე ათასი ჰომოსექსუალი მცხოვრები; 1982 წლისთვის მის შესახებ აქტიურად დაიწყო წერა მედიამ, რასაც პანიკა მოჰყვა. 1990-იანი წლების ბოლოს ყოველ მესამე ამერიკელს გააჩნდა წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ. მიზეზი შიში და ჰომოფობიაც გახლდათ: ბევრს მიაჩნდა, რომ ვირუსის მატარებლებმა დაიმსახურეს დაავადება. თავის მხრივ, ვირუსის მატარებლებს ეშინოდათ მიემართათ ექიმებისთვის ან პარტნიორებისათვის თავიანთი სტატუსის შესახებ ეთქვათ, რაც დღემდე ხდება.

დღეს რისკის მთავარ ჯგუფად კვლავ ლგბტ ადამიანები რჩებიან: სტატისტიკით, კაცები, რომლებსაც ერთნაირსქესიანი კავშირები აქვთ, ვირუსისთვის 24-ჯერ უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე სხვა კაცები, ხოლო ტრანსგენდერები – 49-ჯერ. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა ჯგუფი რისკისგან დაცულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რისკის ჯგუფში არის ყველა – სქესის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.

imedinews.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow