თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის ანა ნაცვლიშვილის საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები გასაიდუმლოებულია, პროკურატურა საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ბრალდებულის ადვოკატს კი გაუთქმელობის პირობაზე ხელი აქვს მოწერილი.

მიუხედავად ამისა, „პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა ამ სასტიკი დანაშაულის საიდუმლო მასალები, მათ შორის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კრებსი, დანაშაულის ჩადენის იარაღი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნები.

აღნიშნული ფოტომტკიცებულებები იმდენად მძიმე სანახავია, რომ ჩვენ მხოლოდ მათი მცირე ნაწილის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ, ისიც მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, გამოგვექვეყნებინა როგორც ოფიციალური ინტერვიუ ბრალდებულის ადვოკატთან, ისე ფარული ჩანაწერი, სადაც ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი ამ საქმის ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებზე საუბრობს, თუმცა მანამდე ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ მომხდარს:

21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი თბილისში, თემქის დასახლებაში 22 თებერვალს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით ანას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა. მკვლელობა ღამის 05:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდა, რა დროსაც მსხვერპლი სახლიდან გაიყვანეს და სხეულზე არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ირკვევა, რომ გამთენიიდან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, სახლიდან გაუჩინარებული ანა ნაცვლიშვილის მოძებნაში აქტიურად მონაწილეობდა თავად ლადო გრიგალაშვილიც, თუმცა რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს და მამამისის ავტომობილიდან დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასეთია გამოძიების ოფიციალური ინფორმაცია. ბრალდებულის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი კი სასამართლოშიც და მედიაშიც ლადო გრიგალაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს.

ოფიციალურ ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ სატელეფონო მიმოწერის ამოღების გამო დააკავეს, სადაც, მისივე თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები არ ფიქსირდება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ის არ აღიარებს ბრალს. ეს გოგო მას ნამდვილად არ მოუკლავს. ვინაიდან საცოლე იყო, ემესიჯებოდა ღამის 4 საათამდე. შემდეგ, ალბათ, ზარებიც იყო. ვინაიდან მასთან იყო კონტაქტი, აქედან გამომდინარე მოხდა დაკავება“, – აცხადებს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და განმარტავს, რომ გამოძიების მიერ ამოღებული სატელეფონო ანძების ამონაწერი ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც „უტყუარად მიუთითებს, რომ ლადო გრიგალაშვილი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა“.

„ვფიქრობ, რომ საქმე გამოძიებული არ არის. თავად დაზარალებულმა უნდა მოითხოვოს სიმართლის დადგენა“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნაირა ოტიაშვილი.

მოკლედ, ოფიციალურ ინტერვიუში ადვოკატი ამტკიცებს, რომ ლადო გრიგალაშვილი მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, ინტერვიუს მიღმა კი ადვოკატი სრულიად საწინააღმდეგოზე საუბრობს. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ ლადო გრიგალაშვილი იმ ღამეს სწორედ ანა ნაცვლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. უფრო მეტიც, ადვოკატის ვარაუდით, შემთხვევის ადგილზე მესამე პირიც ფიქსირდება, რომელმაც ტერიტორია დაჭრილმა დატოვა. ამის დასტურად კი ნაირა ოტიაშვილს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში აღმოჩენილი სისხლის კვალი მოჰყავს. მესამე პირის არსებობის შესახებ ადვოკატს პირად საუბარში მისივე დაცვის ქვეშ მყოფმაც დაუდასტურა, თუმცა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ლადო გრიგალაშვილს მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

„ალბათ, რაღაც სასიყვარულო თემა იყო. მე ვფიქრობ, რომ იქ ძალიან სერიოზული გარჩევა იყო“, – ამბობს პირად საუბარში ნაირა ოტიაშვილი.

ჩვენს კითხვაზე: ლადო გრიგალაშვილი იმყოფებოდა თუ არა მკვლელობის ადგილზე? ადვოკატი პასუხობს: „ვერ გამოვრიცხავ, რომ ლადოც ყოფილიყო, მაგრამ ვიღაც მეორეც არის. ერთადერთი, რაც წამოსცდა, იცი, რა იყო? ცოტა ისე, ტექნიკურად ვკითხე: ეს მესამე პირი, დაჭრილი რომ გაიქცა, რატომ არ ამბობ ვინ არის-მეთქი? და ორი სიტყვით წამოსცდა: ისიც ხომ ცოდოაო. ანუ არ ამბობს. მე ვფიქრობ, ისეთი ახლობელია, რომ არ ასახელებს“.

ადვოკატის ამ ლოგიკას თუ გავყვებით გამოდის, რომ ლადო გრიგალაშვილი შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იმყოფებოდა და უფრო მეტიც, ინფორმაციას ფლობს ადგილზე მყოფი მესამე, დაჭრილი პირის შესახებაც.

ადვოკატთან საუბრით გავარკვიეთ ისიც, რომ ანა ნაცვლიშვილი მუხლებზე დაჩოქილი მკვლელს რაღაცას ეხვეწებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, გოგონას ხვეწნამ არ გაჭრა და მკვლელმა მას ჯერ ალესილპირიანი ბლაგვი საგნით (სავარაუდოდ, ბეტონის ნატეხით) მიაყენა დარტყმა, შემდეგ კი დანით ყელი გამოსჭრა.

ანა ნაცვლიშვილის ცხედარზე ექსპერტიზამ დაახლოებით 33 ჭრილობა აღწერა. ექსპერტიზის გრაფიკულ ფოტოზე თქვენ ხედავთ, სად და რა სახის ჭრილობები აქვს მიყენებული გარდაცვლილს. ექსპერტის დასკვნაში კი ვკითხულობთ:

„ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანა ნაცვლიშვილის გვამიდან აღებულ კანის პრეპარატებზე გამოკვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ მათზე აღინიშნება დაზიანებები (ჭრილობები), რომელიც თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე განვითარებული არიან: მარცხენა თხემის არეში რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო კისრის მიდამოში რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომელსაც აქვს ყუა და ალესილი პირი“.

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა საქმის მთავარი მტკიცებულების, მკვლელობის იარაღის ამსახველი ფოტომასალა – დანა და ბეტონის ნამტვრევი. ასევე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია რეზინის ხელთათმანები. მკვლელობის იარაღი (დანა) გამოძიებამ ლადო გრიგალაშვილის მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღო. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიების მიერ ამოღებული დანა მკვლელობის იარაღი არ გახლავთ, ვინაიდან მასზე ლადო გრიგალაშვილის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა და გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის მიერ აღწერილი ჭრილობები აღნიშნული დანის მონაცემებს არ ემთხვევა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ლადო გრიგალაშვილმა მკვლელობის შემდეგ იარაღი მამამისის მანქანაში გადამალა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ ჩანაწერს, რომელიც ლადო გრიგალაშვილსა და გამომძიებელს შორის არსებულ პირველ საუბარს ასახავს. აღნიშნული საუბარი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახით სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული თავადვე ყვება მკვლელობის რამდენიმე დეტალს. ადვოკატი ამ ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას მოითხოვდა, ვინაიდან, მისი თქმით, გამომძიებელი გრიგალაშვილს წინასწარვე სთავაზობს დამუშავებულ ვერსიას, რის შედეგადაც მან არჩადენილი დანაშაული დაიბრალა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე ზეწოლა განხორციელდა, რაც ოჯახის წევრებზე მუქარაში გამოიხატებოდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ეს მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ ლადო გრიგალაშვილმა თავისი შეყვარებული ანა ნაცვლიშვილი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უცხო მამაკაცთან ერთად დააფიქსირა. და აი, რას ჰყვება ის:

გაგრძელება

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow