პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით კი მერაბ მორჩაძე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს.

რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორის და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა.

მირზა სუბელიანი დღეს დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი უწყებაში დაბარება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებას ეხება.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი შსს-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ მივიდა. გამოკითხვის დაწყებიდან, დაახლოებით, 3 საათში სამინისტროში მისი ადვოკატი გამოძახეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow