კვლევების მიხედვით, მამუკა ბახტაძის შესახებ მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სმენია. მაგალითად, NDI-ის ბოლო კვლევის  მიხედვით, 43% ამბობს, რომ არ იცის, ვინაა მამუკა ბახტაძე, ხოლო IRI-ის კვლევის თანახმად, 55%-ს არ სმენია მისი სახელი.

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი 2017 წლის ნოემბერში გახდა.

2013 წელს მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი გახდა. ამ პოზიციაზე ბახტაძე 4 წელი მუშაობდა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. კერძოდ, მისი შვილის, უტა ივანიშვილის მეგობარი. მოგვიანებით, უკვე ფინანსთა მინისტრის რანგში ყოფნისას მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ის საერთოდ არ იცნობს ივანიშვილის არც ერთ შვილს.

თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რომ მის მიმართ კეთილგანწყობილია, ამას 2013 წლის ჩანაწერიც ადასტურებს, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ბახტაძე პრემიერობის კანდიდატად, უპასუხა: „თქვენ კარგად მიკარნახეთ. მამუკა ბახტაძე კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს”.

მამუკა ბახტაძე 36 წლისაა. ბიოგრაფიის მიხედვით, ის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

მამუკა ბახტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 მარტს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომელიც აჩუქეს. რაც შეეხება ხელფასს, 2017 წელს ბახტაძემ სულ ანაზღაურების სახით 230 ათას ლარზე მეტი აიღო. მან ყველაზე დიდი შემოსავალი „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორის თანამდებობაზე მიიღო.  2017 წლის 1 იანვრიდან 12 ნოემბრამდე მისმა ანაზღაურებამ ამ პოზიციაზე 184 ათას 151 ლარი შეადგინა.  რკინიგზაში მუშაობის პარალელურად ის ასევე ხელფასს იღებდა შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინსა“ და შპს „ჯიარ ტრაზიტში“, სადაც მისი ანაზღაურება 53 514 ლარი იყო.

ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნიდან, 2017 წლის 13 ნოემბრიდან, წლის ბოლომდე მან ხელფასის სახით 11 151 ლარი მიიღო,  ანუ თვეში 7 ათას 300 ლარზე მეტი, რაც 3-ჯერ ნაკლებია წინა სამსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე.

Kavshirebi.ge-მ 2018 წელს გამოაქვეყნა მასალა – მამუკა ბახტაძის კავშირი „ცენტრ პოინტთან“. მასალში ნათქვამია, რომ ბახტაძის ბიოგრაფიაში არსად არ არის ნახსენები სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტთან“ კავშირი მაშინ, როდესაც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2008-12 წლებში მამუკა ბახტაძე ჯერ „ცენტრ პოინტის“ შვილობილი კომპანიის, „ცენტრ პოინტ ინვესტის“ წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი „ცენტრ პოინტ პლიუსის“ დირექტორი. მისი დანიშვნის ბრძანებას ხელი მაიარჩეულიშვილმა მოაწერა.

ამავე მასალაში ნათქვამია, რომ ეს პერიოდი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2012 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ცენტრ პოინტისთვის“ ყველაზე რთული იყო. კომპანიის მიერ  დაზარალებულმა  6 158 ოჯახმა სასამართლოს მიმართა და „ცენტრ პოინტი” 310 მილიონი ამერიკული დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. 2012 წელს „ცენტრ პოინტის“ საქმე სამშენებლო კომპანია „დექსუსმა“ გადაიბარა რამაც, ანგარიშის მიხედვით,  დაზარალებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow