ცოტა ხნის წინ, ახალი ფონდის შესახებ გავიგე, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას გეგმავს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. უფროდაუფრო აქტიური ხდება კამპანია: „მე ვაშენებ პეგასს“ თუ სადმე შეხვდებით ადამიანს, ლურჯი სამაჯურით, რომელზეც ეს წარწერაა, ესეიგი ეს ადამიანი „პეგასის“ მეგობარია. ამ საკითხების უფრო დეტალურად გასარკვევად, ფონდის ოფისში ვესტუმრე მის დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ იარაჯულს.


ქალბატონო თამარ, რამ გამოიწვია ფონდის დაარსების აუცილებლობა?

პროფესიით იურისტი გახლავართ. მეხუთე წელია, ბავშვთა უფლებების დაცვის განხრით ვმუშაობ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ვერ იღებენ საჭირო სერვისებს. მე პირადად, დიდი ხნის მანძილზე, უშედეგოდ ვცდილობდი, ჩემი შვილი მოხვედრილიყო იმ აუცილებელ თერაპიაზე, რომელიც ერთია საქართველოში, ABA თერაპია. უამრავი ბავშვია მომლოდინეთა სიაში, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან უმნიშვნელოვანესია ადრეული ჩარევა და განვითარებაზე ზრუნვა. აქედან გაჩნდა იდეა, ჩამოყალიბებულიყო ფონდი, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრს ააშენებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და 2018 წლის აპრილში, დაარსდა მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი.
მოგვიყევთ თქვენი გამოცდილების შესახებ.
ძალიან დიდი გეგმები მქონდა ჩემ პროფესიასთან მიმართებაში. მინდოდა მემუშავა, როგორც იურისტს, თუმცა, ჩემ შუათანა შვილს, ბავშვთა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ამან შეცვალა არა მხოლოდ ჩემი გეგმები, არამედ მთელი ჩემი ცხოვრებაც. მალევე მივხვდი, რომ ჩემი შვილის მდგომარეობაზე, სახელმწიფოსთან ერთად, მეც უნდა მეზრუნა, რადგან მშობელზე უკეთ, არავინ იცის, რა ჭირდება მის შვილს. აქტიურად ჩავერთე პროცესებში, რომელიც არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. რაც მეტი დრო გადიოდა, უფრო ნათელი ხდებოდა, რომ იმაზე გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგანან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან, პრობლემები დღის ცენრში, ბაღში თუ სკოლაში. არ ვამტყუნებ არცერთ პედაგოგს და კარგად მესმის, რომ ამ მდგომარეობის ბავშვებთან ურთიერთობას, სპეციალური განათლება ჭირდება. არც საზოგადოების ნაწილი აღმოჩნდა მზად, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების, ასე მარტივად მისაღებად.სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, ბევრად მარტივია ეს პროცესები. მათთვის ღიაა ყველა დღის ცენტრის კარი, გაცილებით იოლია მათთან სკოლაში მუშაობა. ეს ყველაფერი, საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ვიცი და სწორედ ამიტომ ვცდილობ, შედარებით მარტივი გავხადოთ, ეს პროცესები, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.
რას გულისხმობთ?
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ჭირდებათ უბარიერო შენობა-ნაგებობები, სპეციალურად მათთვის გადამზადებული თერაპევტები და მასწავლებლები. საუკეთესო შედეგები, სწორედ ადრეულ ჩარევასა და განვითარებას მოაქვს. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოვაგვაროთ.
ვინ გეხმარებათ ცენტრის მშენებლობაში
ფონდის დაარსება, ერთმა ძალიან ღვთისნიერმა ადამიანმა მირჩია, რომელსაც მეტად აწუხებს ბავშვების ბედი. მთელი გულითა და ენერგიით დაგვიდგა გვერდში. ნელნელა ვიძენთ მეგობრებს. ჩვენი მიზანია, ამ მშენებლობის ირგვლივ გაერთიანდეს სახელმწიფო, მთავრობა, ბიზნესი, ხელოვანები, სპორცმენები თუ საზოგადოება. ეს ყველას გვეხება, განურჩევლად ჩვენი შეხედულებებისა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ძალიან ჭირდებათ ისეთი დღის ცენტრი, სადაც ბედნიერები იქნებიან, მათ განვითარებასა და მომავალზე კი ნამდვილი პროფესიონალები იზრუნებენ. აი, სწორედ ამიტომ ვაშენებთ პეგასს.
ავტორი:თამარ ვარაზი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow