„სულხანისთვის არასდროს დამისვამს კითხვა როგორ აწამებდნენ ციხეში, რადგან მერიდებოდა, არ ვაძლევდი თავს უფლებას, არც მას არ უთქვამს ჩემთან არაფერი, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რაშიც იყო საქმე. სულხანის ინტერვიუებით ვიგებდი ამ ამბებს. ან რა გაგება მინდოდა, ვუყურებდი ჩემს ქმარს, რომელიც ციხიდან სულ სხვა ადამიანი გამოვიდა… სულხანს რომ შეხედავდი, იქ საჭირო იყო რამე კითხვის დასმა?!“ – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას სულხან მოლაშვილის მეუღლე.
თათია მოლაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველად ნახა ნაწამები მეუღლის ფოტოები.

თათია, როგორც ვიცი, თქვენ პირველად სწორედ მაია ნიკოლეიშვილმა გადმოგცათ სულხანის წამების ამსახველი ფოტოები…

თათია მოლაშვილი: დიახ, მაიამ ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდეში საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია ამას ჰქვია კარგად ყოფნათქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…

ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ…

თათია მოლაშვილი: ფაქტი სახეზეა, ვინც დანმაშავეა სულხანის წამებაში და მის ასეთ გაუბედურებაში, ყველა დაუსჯელია დღეს. ისიც კი აწუხებდათ, რომ სულხანი ცოცხალი გადარჩა და სუნთქავდა. სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდებოდნენ ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა.

რატომ ჰქონდათ სულხანის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რა იყო ამის რეალური მიზეზი?

მიზეზი ის იყო, რომ სულხანს ჰქონდა ის ღირებულებები, რაც მათ არ გააჩნდათ. ვერ იტანდნენ ეგენი კაცებს, ქართველებს, მართლმადიდებლებს, ოჯახის მოყვარულ ადამიანებს. თვითონ შვილებს გადაიფარებენ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

სულხანს ჰქონდა შეთავაზება გამოდი და თქვი, შევარდნაძე ვაკუუმშია, სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს, ქვეყანაში რა ხდებაო. რევოლუციამდე ურეკავდნენ, მომავალი მაღალჩინოსნები და ეუბნებოდნენ, გადმოდი ჩვენთან, დაადე ხელი შევარდნაძეს, და ყველაფერი კარგად იქნებაო. თანამდებობასაც შეინარჩუნებ და ხელშეუხებელიც იქნებიო, მაგრამ სულხანმა ეს არ გააკეთა. თავის ღირსებას, კაცობას ვერ უღალატა. ქვეყანას ვერ უღალატა.

თავი არ დაუხარა არავის და უკან არ დაიხია, გამოაქვეყნა და საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო.

ესენი: სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი არაკაცების ხროვაა. მე გთხოვთ, რომ ზუსტად ისე დაწეროთ, როგორც ვამბობ. ეს ჩემი უფლებაა და მე მაქვს ამის უფლება.

თქვენ თქვით, რომ სულხანს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში მამხილებელი მასალები. ხომ არ იცით, სად არის ეს მასალები?

ყველაფერი წაიღეს. ვალერი გრიგალაშვიილი ერთ ღამეს შეიჭრა კონტროლის პალატის არქივში და და გაზიდეს. 2 თუ 3 მანქანა გაიტანეს, ყველაფერი რაც ეხებოდა სააკაშვილს. ყველაფერი გაანადგურეს.

კადრებია ტელევიზიებიდან გადადგურებული. ღამის სამ საათზე რომ ჩაუტარეს სულხანს სასამართლო, ამის კადრები აღარ არსებობს ფიზიკურად არც „იმედში“ და არც რუსთავი 2-ში. ყველა გვეუბნება არ გვაქვსო.

ქალაქის მაშინიდელმა პროკურორმა, ვალერი გრიგალაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება კანონის სრული დაცვით ჩატარდა. თქვენ რა კონტრარგუმენტები გაქვთ მისი ამ განცხადების წინააღმდეგ?

ვალერი გრიგალაშვილი იმასაც ამბობს, ციხეში სულხან მოლაშვილს აპარტამენტები და ევრორემონტი ჰქონდაო.

სულხანს საათის ქონის უფლებაც კი არ ჰქონდა, არც კალენდრის, არც სინათლის, დღეს ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზორით დამთავრებული ყველაფერი აქვთ და ისე აგზავნიან და ავრცელებენ იმ თავიანთ მდგომარეობას.

სარდაფში, სადაც სულხანი იჯდა, არ იყო ელექტროგაყვანილობა… სრულიად სიბნელეში იყო, მათიას იორში რომ შევიდა პირველად და კარები გაუღია, შუქი რომ მოხვდა სულხანს, დაცემულა.

მათიას იორშთან ერთად კიდევ მეორე წარმომადგენელი იყო ევროკავშირიდან, ცუდად გახდა ის კაცი და გაიყვანეს საკნიდან. მათიას იორშს ინტერვიუ რომ ჩამოართვეს ჟურნალისტებმა, თქვა, ასეთ პირობებში ჩვენთან ცხოველებს არ ამყოფებენო.

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით… ციხეში, სადაც სულხანი იჯდა, ერთ-ერთ დაკავებულ თანამდებობის პირთან შეაგზვნეს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, ბადრაგი არ იდგა იმ დროს გასული იყო. სულხანს ცხელი ხაჭაპურები მიაწოდა ამ ადამიანმა და სულხანს იმდენად შიოდა, მთლიანად დაუკეცია და მთლიანად ჩაუდია პირში, მაგრამ ბადრაგს მიუსწრია და გადმოაყრევინეს პირიდან. ჩვენ არაფერს გვაგზავნინებდნენ, არაფერს არ იღებდნენ, რადგან არაფრის შეტანა არ შეიძლებოდა.

თქვენ განაცხადეთ, რომ სახლის გადაფორმების თემას პირადად ვალერი გრიგალაშვილი ხელმძღვანელობდა. სახლის გადაფორმებას სულხანის ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ გთავაზობდნენ?

გრიგალაშვილი და კახა კობერიძე თვითონ იყვნენ მე-7 საპყრობილეში მისულები სახლის თემაზე. სულხანმა უთხრა, თათიას დაურეკეთ, მე როგორ გავაკეთებ აქედან, ჩემი ცოლი რასაც ეტყვით, იმას გააკეთებსო.

ამის შემდეგ, მე მელაპარაკნენ, და გრიგალაშვილმა ჩემთან დედა დაიგინა, ნახავთ თუ არ გამოვა მეორე დღესვეო, სასამართლო იყო უკვე ჩანიშნული.

სულხანს ეგონა, რომ მე უარს ვიტყოდი ამაზე და ამიტომ დამალაპარაკა გრიგალაშვილს, მაგრამ მე სულხანის გამო ყველაფერს გავაკეთებდი. თანაც, ეს სახლი ჩვენი საკუთრება კი არ იყო. ჯერ ვიყიდეთ და მერე გადავუფორმეთ. ნახევარ საათში მოხდა ეს ყველაფერი. ყველაფერი თვითონ მოაგვარეს უცებ, ნოტარიუსთან, საღამოს, როგორც ჩვეოდათ.

სამჯერ ჩამიყვანეს მარნეულში, მარნეულს ეკუთვნოდა მაშინ წავკისი, გარდაბანში ჩამიყვანეს, და 7-ის ნახევრამდე მელოდებოდა ნოტარიუსი, შუაღამეს იქ დამხვდა შალიკიანის ცოლი ატირებული, და ასე უფორმებდა იმ ნოტარიუსში თავის ქონებას ამ ნაძირლებს.

ამ ყველაფერს აგვარებდა ვალერი გრიგალაშვილი. მე უკვე ბავშვები მომზადებული მყავდა, ველოდებოდით, რომ სულხანს გამოუშვებდნენ სასამართლოდან. ტელევიზორს ვუყურებდი და გავიგე, რომ სულხანი საერთოდ არ მიიყვანეს სასამართლოში, გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გავვარდი იმ წუთას ციხეში და დავინახე, რომ ზუსტად ამ დროს სასწრაფოთი გამოჰყავთ სულხანი.

აი ეს იყო ჩემი გადაფორმებული წავკისის სახლი. გადამაფორმებინეს იმიტომ, რომ მომაკვდავი სულხანი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

გრიგალაშვილს რა ნამუსით აქვს ხმა ამოსაღები? გრიგალაშვილი მე რომ დამინახავს სასაფლაოზე, არ მოვიდეს , თორემ არ ვიცი იქ რა მოხდება. არაკაცი, მის ოჯახს გონია, რომ კაცი ჰყავთ? ეგ არის არაკაცი! პათოლოგი არაკაცი და გამცეს ახლა პასუხი!

გარდა იმ წამებისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დადასტურებულად ცნო, ამბობენ, რომ ციხეში სულხანს არასწორად მკურნალობდნენ, რამაც კიდევ მეტად შეარყია მისი ჯანმრთელობა. თქვენ თუ იცით რაიმე ამის შესახებ?

თვითონ არ ამბობდნენ, რასაც უკეთებდნენ სულხანს? სააკაშვილი და ადეიშვილი? სასწრაფოსაც კი არ მიგვაკარეს, ასე მივსდევდით და ვეხვეწებოდით…

პირველად მაშინ დავინახე სულხანი ახლოდან, ჩავხედე სასწრაფოს მანქანაში და სულ სხვა ადამიანი იწვა – წვერებით, გამხდარი, სანთელივით კაცი. რას უკეთებდნენ, თვითონ უფრო არ იციან, რასაც უკეთებდნენ? მთელი სახელმწიფო ებრძოდა თურმე ერთ სულხან მოლაშვილს, მაგრამ როგორ ყვარებია ხალხს, ამითაც გამსკდარი იქნება გულზე სააკაშვილი. სააკაშვილის დასაფლავებაზე ორი კაცი დადგება მარტო, ცოლ-შვილიც კი არ დაუჯდება იქ.

დიახ, ვაცხადებ ხმამაღლა და საჯაროდ! ვაცხადებ, სულხანი სიკვდილამდე სააკაშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ მიიყვანა!
სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტი კი არა კაცმაცუნა იყო, გაცოფებული იყო სულხანზე, ვერაფერი მოუხერხა, ვერ გატეხა! ჯერ იყო და 14 წლის შვილი მიცემეს, რომ სარჩელი გამოეტანა სულხანს სასამართლოდან, მერე იყო და ძმა, თორნიკე დაიჭირეს, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ, იმიტომ რომ სულხანი იყო კაცი და არა მათი მსგავსი ლაჩარი!

ბედნიერი ვარ, რომ მე ოჯახი სულხანთან ერთად შევქმენი. ხომ ასე მალე წავიდა ამ ქვეყნიდან და ახალგაზრდა, 46 წლის, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმ მოკლე პერიოდითაც, რაც სულხანის გვერდით გავატარე.

ლევან რამიშვილმა თქვა, ჩემი ნება, რომ იყოს რუსთაველის ხეებზე სახრჩობელაზე ჩამოვკიდებდი სულხან მოლაშვილსო.

თავიდან მიშას პიარი რომ უნდოდა , მოკრიფეს უსახლკაროები და წაიყვანეს . ამ ხალხს რომ გაუგია, რომ სულხანის სახლი იყო, ყველამ დატოვა ის სახლი, იმ უსახლკაროებმა ინამუსეს, არ გაჩერდნე, ამ სახლში ჩვენ არ გავჩერდებითო.

გრიგალაშვილი გამოდის და ამბობს ხალხში, რომ ნახევარმილიონიანი ბუხარიაო.. ჭაჭის ქვით ნახევარმილიონიანი ბუხარი ვუს აქვს და ტყვიაგაუმტარი ფანჯრები.

როგორ მოხდა სულხანის გათავისუფლება? ჩაერია თუ არა ამ საქმეში პატრიარქი?

პატრიარქს ძალიან უყვარდა სულხანი. ნინო ბურჯანაძის 40 დღიანი პრეზიდენტობა იყო და იმ დროს ნინო მივიდა პატრიარქთან. მაშინ უთხრა უწმინდესმა, შენ გაქვს ახლა ეს შანსი და გამოიყენე, გამოუშვი სულხან მოლაშვილი და დავით მირცხულავაო.

ნინო ბურჯანაძემ იმ წუთას ხელი მოაწერა შეწყალებას და გამოუშვა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი. იმდენად გარეწრები იყვნენ, ბაჩო ახალაია შევიდა სულხანთან საკანში და უთხრა, გინდა თუ არა უნდა დაწერო, გთხოვთ მაპატიოთო, შეწყალება თუ გინდაო. ნაძირლები! შეწყალებული იყო სულხანი და ატყუებდნენ, არ ხარ შეწყალებული და ეს უნდა დაწეროო. იცით რა ტექსტი დაუდეს? იცით რა უნდა დაეწერა?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ სააკაშვილის და მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვსო.

სულხანმა ეს არ ქნა, დავრჩები აქო. სულხანმა კაცურად გაიარა თავისი ცხოვრება, ყველას შეშურდება და ახლა მკვდარი სულხანისიც კი შურს, იმ კაცმაცუნას.

წყარო www.ipress.ge 2016 წელი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow