თბილისში ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსმა“ შეისწავლა.

კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა ტრანსგენდერების კომპლექსური საჭიროებები, კონკრეტულად, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვასა და ზიანის შემცირების სერვისებზე – თუ რა ბარიერები არსებობს აღნიშნული საჭიროებების რეალიზაციისთვის.

კვლევის თანახმად, ტრანსგენდერ პოპულაციაში სხვა პოპულაციასთან შედარებით მაღალია ნარკოტიკების, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარება, ხოლო შესაბამის ზიანის შემცირებისა და რეაბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კი – დაბალი, რაც გამოწვეულია კომპლექსური ბიო-ფსიქო-სოციალური პრობლემებით, რასაც ჯგუფი აწყდება.

კვლევაში მონაწილეობა მიიღი 14 ტრანგენდერმა ადამიანმა. აქედან 10 ტრანსგენდერი ქალია და 4 – ტრანსგენდერი მამაკაცი. ასაკი – 21 წლიდან 42 წლამდე. 4 რესპონდენტს აქვს უმაღლესი განათლება, უმრავლესობას კი – პროფესიული. 6 დასაქმებულია არასამთავრობო სექტორში ნახევარგანაკვეთიან სამუშაოზე. უმრავლესობა ჩართულია სექსსამუშაოში.

„4 ადამიანი ცხოვრობს ქირით, 1 უსახლკაროა. უმრავლესობა იზიარებს საცხოვრისს ოჯახის წევრებთან, რომლებმაც არ იციან მათი გენდერული იდენტობის შესახებ, ან ეს საკითხი ოჯახში საერთოდ არ განიხილება, რაც აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს იცხოვრონ თავის ბიოლოგიურ სქესთან და არა გენდერულ იდენტობასთან თანხვედრაში“, – აღნიშნულია კვლევაში.

► სოციალური კონტაქტები

კვლევის მიხედვით, არსებობს აქტიური ჯგუფი, დაახლოებით 45-55 ტრანსგედერი, რომელიც თემს შიგნით და აგრეთვე თემთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ღიად აცხადებს თავისი გენდერული იდენტობის შესახებ, რომელიც შეიძლება სხვა სივრცეში არ იყოს გაცხადებული: „ის ნაწილი, რომელიც ვიზუალურადაც ცდილობს ყოველთვის შეესაბამებოდეს გენდერული იდენტობის დამკვიდრებულ სტერეოტიპს, ფაქტიურად ვერ რეალიზდება, უწევს ოჯახს მიღმა ყოფნა და ცხოვრობს ღამის ცხოვრებით, მათი გადაადგილებაც კი იზღუდება დღის მანძილზე, რაც კიდევ ერთხელ დიდ ბარიერს ქმნის ნებისმიერი სახის პირდაპირი სოციალური კონტაქტების დამყარებაში, როგორც თემს შიგნით ასევე მის გარეთ“.

► ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა

რესპონდეტების განცხადებით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან მწირია, განსაკუთრებით სახელმწიფო და კერძო კლინიკების ბაზარზე. რესპონდენტებს არ გააჩნიათ ნდობა პოლიკლინიკების მიმართ.

რაც შეეხება ტრანსგენდერებისათვის განკუთვნილ სპეციფიკურ სერვისებს, მათი განცხადებით საქართველოში მხოლოდ მკერდის ოპერაციას თუ გაიკეთებ, დანარჩენ შემთხვევაში საზღვარგარეთ გამგზავრებაა საჭირო, რაც ხდება კიდეც იმის ერთერთი მიზეზი, სტიგმისა და დისკრიმინაციის მიღმა, რის გამოც, ტრანსგენდერთა გარკვეულმა რაოდენობამ უკვე დატოვა ქვეყანა, ან სურს რომ დატოვოს.

კვლევში ნათქვამია, რომ არსებობს სამი ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც ტრანსგენდერებს სთავაზობს სერვისებს, კერძოდ: თანადგომა, თანასწორობის მოძრაობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი. შეთავაზებული პაკეტი მოიცავს ტესტირებას აივ ინფექცია შიდსზე, ჰეპატიტებზე, სექსუალური კონტაქტით გადამდებ ინფექციებზე, ფსიქოლოგისა და იურისტის დახმარებას, PrEP.

► ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკა და ზიანის შემცირების სერვისები

რესპონდენტებდან მხოლოდ ორს გააჩნდა ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილება, მათ შორის ინტრავენული, თუმცა უმრავლესობამ აღნიშნა რომ ყავს/ყოლია ნიმ პარტიორი, ან სექს სამუშაოდან გამოდინარე, შემთხვევითი პარტიორები, რომელთაგანაც, ზოგზე გამოცდილებიდან გამომდიარე იციან რომ მოიხმარენ ნარკოტიკებს.

რაც შეეხება ზიანის შემცირების პროგრამას, მხოლოდ ერთი ყოფილა ჩართული შნპ-ში, ხოლო ერთს ნარკოლოგის რჩევის მიხედვით უფიქრია მჩთ-ში ჩართვაზე, თუმცა საბოლოო ჯამში აღარ შევიდა აღნიშნულ პროგრამაში. უმრავლესობამ აღნიშნა ალკოჰოლის მოხმარების ეპიზოდები, განსაკუთრებით მათ ვინც სექს მუშაობის გამოცდილება ჰქონია, რაც მათი თქმით ეხმარებათ სამუშაოში.

რაც შეეხება ზიანის შემცირების პროგრამების ცოდნას, ინფორმაციას მათ შესახებ ფლობდნენ ის რესპონდენტები, რომლებიც თავად არიან დაკავებული სოციალური სამუშაოთი და ჩართულები ყოფილან თანასწორთა განათლების პროგრამებში. დანარჩენებს მსგავსი სერვისების შესახებ სმენიათ, მაგრამ ვერ ახერხებენ იდენტიფიცირებას ზუსტად რას გულისხმობს ეს პროგრამები და სად შეიძლება მათი მიღება.

► ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა

აბსოლუტურად ყველა რესპონდენტს გამონაკლისის გარეშე განუცდია როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ძალადობა, ამას იმდენად ხშირი ხასიათი აქვს, რომ რესპონდენტები ძალადობად არ მიიჩნევენ ფაქტებს თუ ისინი მათი გარშემომყოფებიდან სისტემატიურ ხასიათს არ ატარებს.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ადრეული ბავშობიდან იწყება. ყველა რესპონდენტი საკუთარ გენდერულ იდენტობას 5-6 წლიდან აცნობიერებს და 14-15 წლის ასაკში აკეთებს ქამინგაუთს გარვეულ სოციუმში. სწორედ ამ ეტაპზე ხდებიან ისინი ფსიქოლოგიური ძალადობის, ოჯახიდან გარიყვის/ოჯახის წევრებთან გაუცხოების მსხვერპლი. რესპონდნეტების ნაწილი ამ ასაკიდან უკვე ჩერთულია სექს სამუშოში.

კვლევის მიხედვით, ყველა რესპონდენტს გამოუცდია როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზკური, ცემა, ნივთის ჩარტყმა. ნაწილსთვის მიუყენებიათ დაზიანება ცივი იარაღით და ცეცხლსასროლი იარაღითაც. რესპონდტების ნაწილს გამოუცდია სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროვება, მომხდარა მათზე ინფორმაციის სხვა პირზე გაცემა, მათზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება და შემდგომი კიბერბულინგი.

► პოლიციის დამოკიდებულება

რესპონდენტებს პოლიციასთან ურთიერთობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ,.

კვლევაში ნათქვამია, რომ საზოგადოების მიერ თემის მიუღებლობა აისახება, უკეთეს შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლების დაბალი მგრძნობელობით საკითხის მიმართ, და უარეს შემთხვევაში მათივე ზეწოლით, დაცინვით, შანტაჯითა და მანიპულაციებით, ფიზიკური ძალადობით.

„112- იდან მოსული ეკიპაჟის მხრიდან …მოძალადეს ეუბნებიან საპასუხო საჩივარი დაუწერეო, ეგენი მაკიაჟით ხომ ვერ მოვლენ დღისით სასამართლოზეო, მე მაინც ვუწერ ბოლომდე მივყვები, მაგრამ იქ კიდე უფრო მეტი უგულებელყობას ვაწყდები, და ძალადობას“…

„ხელი ამომიგდო მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია.“ – ჰყვებიან ინტერვიუების დროს ტრანსგენდერები.

კვლევის მიხედვით, არაერთმა რესპონდენტმა ახსენა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ არ შეცვალა დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ პოლიციის მხრიდან, შეიძლება ითქვას დამოკიდებულება გაუარესდა.

რესპონდეტებიდან მხოლოდ ორს ქონია თავშესაფარში ცხოვრების გამოცდილება. „აღსანიშნავია რომ ერთ-ერთის შემთხვევაში, ტრანსგენდერი ქალის განთავსება მოხდა სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან სახელმწიფო თავშესაფარში რაც პირველი პრეცედენტია“- ნათქვამია კვლევაში.

► სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრის გამოცდილება

რესპონდენტების ნაწილს აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნის გამოცდილება, რომელიც ორი შემთხვევის გარდა მცირე პერიოდს ითვლის და არ არის დაკავშირებული ნარკოტიკის მოხმარებასთან, ხოლო ერთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ნარკომოხმარებას ეხებოდა, რესპონდეტმა აღნიშნა რომ ამისათვის არაერთი სასჯელი მოუხდია, რამაც განსაკუთრებით უარყოფითან იმოქმედა მისი ცხოვრების ციკლზე.

► სტიგმა და დისკრიმინაცია

კვლევის მიხედვით, სტიგმა და დისკრიმინაცია ტრანსგენდერების მიმართ საქართველოში მკვეთრადაა გამოხატული.

კვლევაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერ პირებს არ აქვთ ადექვატური სოციალური, პოლიტიკური და იურიდიული დაცვა. ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაცია არის რამდენიმე სახის სტიგმის შედეგი, რაც დაკავშირებულია მათ გენდერულ იდენტობასთან, გენდერულ გამოხატვასთან და სავარაუდო სექსუალურ ორიენტაციასთან.

იმ რესპონენტების განცხადებით, ის რომ ტრანსგენდერი პირები ვერ იღებენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც შეესაბამება მათ გენდერულ იდენტობას, სერიოზული ბარიერია მათი სრულფასოვანი სოციალური ფუნქციონირებისათვის: „პირის გენდერულ იდენტობასთან შესაფერი პირადობის მოწმობის არქონა ხშირად ხდება ბარიერი სამედიცინო მომსახურების მიღების, განათლების მიღების, დასაქმების ან არჩევნებში მონაწილეობის პროცესში არსებული სტიგმა, დისკრიმინაცია და შესაბამისი პირადობის მოწმობის უქონლობა ხელს უწყობს ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობის გამოთიშვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ზღუდავს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მიჰყავს ისინი გაღარიბებამდე და მარგინალიზაციამდე, რაც ამ ჯგუფს კიდევ უფრო მოწყვლადს ქმნის ძალადობის მიმართ.“

კვლევა ჩატარდა „ჰეპა პლიუსში“ 2018 წლის 3 იანვარიდან 2018 წლის 30 ივნისის (6 თვე) ჩათვლით. თვისებრივი კვლევისთვის ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა 2018 წლის მარტი-აპრილის თვეში.
http://liberali.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow