საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას უსმენდნენ. გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, კრიმინალურ პოლიციასა და საგამოძიებო მიმართულების გაუმჯობესებაზე საუბრით დაიწყო.

„რეფორმებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ ნამდვილად საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას – ეს გახლავთ, პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა. აქტუალობიდან გამომდინარე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რა ეტაპზეა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული მიმართულებები ამ რეფორმების. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. უკვე ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, რომ საუბნო მიმართულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი. უკვე განსაზღვრულია მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე ახალი თანამშრომლების შერჩევას ემსახურება.

„მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, 15-20 წლის განმავლობაში, შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა.

“საგამოძიებო კომპონენტის გასაძლიერებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ხელშესახები საერთოდ არაფერი გაკეთებულა. მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მომთხოვნი, ობიექტურად შეგვიძლია ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – 15-20 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არათუ რეფორმა, ხელშესახები არაფერი გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ჩვენი ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტი.

რა გაკეთდა უკვე ამ მიმართულებით დღეის მდგომარეობით – უკვე ჩაუტარდა ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსს. ეს გახლავთ 1104 ადამიანი. რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე. უკვე ჩატარებულია მათი საქმეების ხარისხსის შეფასება და ასევე სირთულე საქმეების და შესაბამისად, ყველა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამოძიებელი გაივლის ამ შემოდგომიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ როგორც მათი კვალიფიკაციის, ასევე მათი პოტენციალის ამაღლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow