მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“.

კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ („მერსედეს-ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება. მაკა ასათიანი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის მკლევარებსა და მაკა ასათიანის მხარეს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

„ვერ ვიჯერებ, რომ მიჭირავს ეს ფურცელი და მიწევს კიდევ ახალი დავის წამოწყება, ჩემთვის უცნობ ახალგაზრდა ადამიანებთან, შეგნებულად აღარ ვასახელებ ორგანიზაციას, არ ზის ეს ჩემს ბუნებაში. არ მინდოდა ამის გაკეთება.
მე წინა შეხვედრაზე ყველანაირად შევეცადე და მოგეცით შანსი, რომ თავისუფალი არჩევანის შესაბამისად, გამოგესწორებინათ ეს შეცდომა, მზად ვიყავი მეპატიებინა, სიმართლე და სამართალი ხომ ისეთი რამეა, რაც არასოდეს არავის დაუკარგავს, რომელსაც ადრე თუ გვიან ყოველთვის იპოვი.
ჩემს გზაზე კი, თუ ვინმე უსამართლოდ მოიქცა, ყველას პასუხს მოვთხოვ, იმიტომ რომ, ვიცავ ადამიანს, მამას, რომელიც აღარაა ცოცხალი და თვითონ ვერ დაიცავს სიმართლეს. ეს არის ადამიანი, ვინც მთავარი მასწავლა – სიყვარული, მისმა კეთილშობილებამ, რადგან მან თავის დროზე ციხისთვის არ გაიმეტა ის ახალგაზრდა კაცი, მომიყვანა იქამდე, რომ მე, დღეს, ისევ ამ კაცისგან და მის მიერ დაქირავებული შემსრულებლებისგან ვიცავ მას ბრალდებებისგან, რომ ის უსამართლოა.
ვიმეორებ, ადრე თუ გვიან, ვისაც ამ სიბინძურეში გაქვთ მიღებული მონაწილეობა, პასუხს მოგთხოვთ და ყველაზე მეტად ის მადარდებს, რატომ უპირისპირდება ერთმანეთს ამდენი ნიჭიერი ქართველი, ნაცვლად იმისა, რომ სიმართლის მხარეს ვიდგეთ ყველა და ერთმანეთი გავაძლიეროთ.
მოკლედ, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენმა საქციელმა გამოიწვია ის, რომ საუბარი იურიდიული ენით გაგრძელდება“, – განაცხადა მაკა ასათიანმა.

სასამართლოს მაკა ასათიანი ორშაბათს მიმართავს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow