თბილისში სამშობიარო სახლ “ნინოში” 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამშობიარო სახლ “ნინოში” ექიმებსა და გარდაცვლილი მშობიარე ქალის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილი ქალის ახლობლები სამშობიაროს ადმინისტრაციას და ექიმებს უყურადღებობაში და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი ნაადრევად ამშობიარეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ისინი ყვებიან, რომ ბუნებრივად მშობიარობის მიზნით ახალგაზრდა ქალს დამაჩქარებელი გაუკეთეს. მშობიარობის შემდეგ კი მას სისხლდენა დაეწყო და სისხლისგან დაიცალა.

მათვე თქმით, სამშობიარო სახლში გადასასხმელი სისხლი არ ჰქონდათ, რის გამოც ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალს 4 ლიტრამდე სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მედიკოსებმა მისთვის ოპერაციის გაკეთება ვეღარ მოასწრეს და ქალი ღუდუშაურის საავადმყოფოს ლიფტში გარდაიცვალა.

„ვარდება წნევა იმის გამო, რომ არ არის სისხლი, ამ დროს რაღაც წამლით წევენ. ეს „ტრუხა“ რაღაც არის, ვერ წევს იმიტომ, რომ სისხლი მიდის. ამ დროს იმის მაგივრად, რომ მოვიდეს კომპეტენტური პირი, რომ გასინჯონ, რომელიც აპარატურა ამათ არ აქვთ, რომ გასინჯონ. სისხლი არ აქვთ რომ გადაუსხან, ჩემი შვილი იცლება სისხლისგან. 4 ლიტრი სისხლი დაკარგული ჰქონდა და ლიფტში გარდაიცვალა ბავშვი, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია,“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ, ქრისტოფორე აბრამიშვილმა.

სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, ერთ-ერთმა ექიმმა „კურიერთან“ აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთეს, მშობიარე ქალის გადასარჩენად.

მომხდარზე დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow