ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამართალდამცავებმა 30-მდე პირი დააკავეს. მათ შორის არიან უკრაინის და ირანის მოქალაქეები.

სამართალდამცავებმა განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკორეალიზაციის ბრალდებით ირანის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

„რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს,” – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაული გამოავლინეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც დაკავებულია უკრაინის მოქალაქე.

ნარკორეალიზაციის შემთხვევები გამოვლინდა აჭარაშიც. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

“ასევე, ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 700 გრამამდე „ჰეროინი“.

“ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დაკავებულია 2 პირი, მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკები: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და „LSD“.

“სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაშიც. დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საკონტროლოდ შეისყიდა.

“სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow