დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმიდან შვიდი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებას ჯერაც არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ განახორციელა ეს თავდასხმა.

მომავალ კვირას საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთვება, მანამდე კი დოდო გუგეშაშვილი კიდევ ერთხელ შეხვდა საქმის გამომძიებელს, თუმცა დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანო ამჯერადაც უიმედოდ დატოვა.

“პრაიმტაიმთან” საუბრისას დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ გამოძიება წინ ვერ მიდის, თუმცა საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაზუსტდა. კერძოდ, ირკვევა, რომ თავდასხმის უკან მინიმუმ ორი პიროვნება დგას. დოდო გუგეშაშვილის თქმით, უშუალო თავდამსხმელს ის რამდენჯერმე შეხვდა, მეორე პირი კი ერთ-ერთი შეხვედრის დროს მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.

დოდო გუგეშაშვილი:

– სამწუხაროდ, გამოძიებას ახალი არაფერი აქვს. ველოდები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას, რომელიც დეტალურად შეისწავლის სროლის მიმართულებას, აღწერილ დაზიანებებს და ზოგადად იქ არსებულ სურათს. გეტყვით, რომ არსებობს მეორე პიროვნებაც, გარდა იმისა ვინც უშუალოდ განახორციელა გასროლა. ისინი კარგა ხნის განმავლობაში იდგენენ ვეტერანთა სამსახურის შენობასთან, ალბათ ელოდნენ ჩემს გამოჩენას. როგორც ჩანს, იცოდნენ რომ ხშირი კონტაქტი მაქვს ვეტერანთა სამსახურთან და ადრე თუ გვიან იქ აუცილებლად მივიდოდი.

-მანქანით იყვნენ?

-დიახ. მანქანაში იჯდა ორი პიროვნება. ერთი, რომელსაც მე შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხდი და ვინც უშუალოდ მოახინა გასროლა იმ ავბედით დღეს, მეორე პირი კი მაშინ პირველად და უკანასკნელად ვნახე, თუმცა აშკარაა, რომ ისინი ერთად იყვნენ და ერთად მელოდებიდნენ.

-როგორ გამოიყურებოდა ეს მეორე პიროვნება?

-მას მანქანაში ხმა საერთოდ არ ამოუღია. ძირითადად ლაპარაკობდა ის, ვინც უშუალოდ გვესროლა მე და ჩემს შვილს. რაღაც ბიზნესზე საუბრობდა, რომელიც სავარაუდოდ იყო ლეგენდა იმისთვის, რომ ჩემთან ნდობაში შემოსულიყო. ის მეორე პიროვნება საუბარში არ ჩართულა. მანქანის წინა სავარძელზე იჯდა და უკან არც შემოტრიალებულა. შესაბამისად, მე მისი სახეც არ დამინახავს. რასაკვირკველია, ეს არ იყო შემთხვევითი პირი. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, როდესაც ორივე ერთად იყო, მას შემდეგ თავდამსხმელი რამდეჯერმე შემხვდა მარტო. ასევე მარტო ჰყავს ნანახი ჩემი ვაჟიც.

-თუკი საქმეში მეორე პირიც ფიგურირებს, გამორიცხავთ, რომ ისინი თავდასხმის დღესაც ერთად ყოფილიყვნენ?

-არაფერს არ გამოვრიცხავ. მკვლელობის დღეს, კარიდან გამოსული მეზობელი ამბობს, რომ გაიგონა მამაკაცის საუბარი და ჩათვალა, რომ სტუმარი მე მემშვიდობებოდა. გამოდის, რომ თავდამსხმელი ვიღაცასთან კოორდინაციაში იყო იმ მომენტში.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს 7 თებერვალს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს, ნოდარ გუგეშაშვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, მძიმედ იყო დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow