ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი “გუშინ” წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
“ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა… გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი… და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!”
შოთა არველაძე
ფეხბურთს არველაძეების ახალი თაობიდან ვატო არველაძე აგრძელებს, თან – ძალიან წარმატებულად. თუმცა მის წარმატებაზე არველაძეები ჯერ არ საუბრობენ, ძირითადად, შენიშვნებს აძლევენ. ეს რთული მისია მას უკვე კარგად აქვს გააზრებული. უნდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და გაახაროს არველაძეები, რომლებსაც საფეხბურთო მოედანზე ამჯერად მხოლოდ ერთი არველაძე ჰყავთ.
მიუხედავად არველაძეებზე არაერთი გადაცემისა, რომელთა დაგეგმვაში პირადად მეც ვყოფილვარ ჩართული, ვატოს ჩაწერა ვერასდროს მოხერხდა. ძირითადად, საფეხბურთო მიზეზებით გვიპროტესტებდა ყველა გადაღებას და ჩვენც ამ მიზეზებს ობიექტურად ვიღებდით. ამჯერად ფეხბურთზე დასმულ კითხვებს არ გვიპროტესტებს, არც ფოტოსესია გააპროტესტა “ლოკომოტივის” მოედანზე, ალბათ, იმიტომ რომ “სითის” პროექტზე მისი დათანხმება მაკუნასთან ერთად მოვახერხეთ.
ერთადერთი, რაზეც გადაღების მიმდინარეობისას გული მწყდებოდა, ის იყო, რომ სატელევიზიო კამერა თან არ მქონდა. ბოლომდე ვერ გადმოგცემთ მის იუმორის გრძნობას. არველაძეებისგან, ვიცი, არ გიკვირთ, მაგრამ მაინც. სატელევიზიო ინტერვიუმდე ვატოსა და მაკუნას სიყვარულის ისტორიას “სითიში” გიყვებით; ისტორიას, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყება;

ვატო არველაძე
საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ფეხბურთელი
“დაახლოებით სამი წელია, რაც ლოკომოტივში ვარ. ზუსტად მაშინ დავიწყე ამ გუნდში თამაში, როცა ფეხბურთელმა ჩამოყალიბება უნდა დაიწყოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს, რადგან პირველ გუნდში თამაშის შანსი მომეცა. ორი წლის განმავლობაში დიდი მიზნებისთვის არ ვიბრძოდით, წელს უკვე გვინდა, რომ სამეულში მოვხვდეთ. საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში მომიწია თამაში – ახლა 21 წლამდე ნაკრებში გამომიძახეს.”
რეზი, შოთი და აჩი
“მათი თამაშები არ მინახავს, გადმოცემით ვიცი და ის ვიდეოები მაქვს ნანახი, რომლებიც ინტერნეტში დევს. ვერ ვიტყვი, რომელი უკეთესია.თითოეულს თავისი გამორჩეული ჩვევა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაზე შემდგარი და წარმატებული კარიერა შოთის გამოუვიდა. რომელიმეს რომ არ ეწყინოს, ვიტყვი, რომ სამივე ძალიან მაგარია.
ძალიან რთულია, როცა იცი, რომ ამდენი ადამიანი შენ გელოდება, როდის გაიზრდები და როდის ითამაშებ ფეხბურთს. საწყენია, რომ ჩვენს ოჯახში, ჩემ გარდა, ფეხბურთის თამაში არავინ გააგრძელა. ამიტომ მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, მათი იმედი აუცილებლად უნდა გავამართლო. კარგ გოლზე არ მაქებენ, იმიტომ რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს. დანარჩენ ყველაფერზე შენიშვნებსა და რჩევებს მაძლევენ. პრაქტიკაშიც მაჩვენებენ.
მე არ მომიწია აჩის, შოთის და რეზის თამაშებზე დასწრება, ახლა ვხვდები, როგორ უჭირდათ კიჭას, თამრიკოს და, საერთოდ ყველას, ჩვენს ოჯახში მათი თამაშის ყურება. ახლა, როცა შოთის გუნდი თამაშობს, იმდენად ვღელავ, რომ მირჩევნია საერთოდ არც ვუყურო. შოთის რამდენიმე თამაში მახსოვს ნაკრებში, ერთი იყო ფარერების წინააღმდეგ, შოთიმ 3 გოლი გაიტანა და მეორე – საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ანრის გაუცვალა მაისური, რომელიც მე და ჩემს ძმას მოგვიტანა.
შოთის გაცილებაზე ძალიან პატარა ვიყავი, კარგად არც მახსოვს, ბედნიერი ვიქნებოდი, ახლა რომ მეთამაშა მათთან ერთად.
არჩევანის საშუალება რომ გქონდეს, როდის და რომელ ქვეყანაში დაიბადებოდი?

მაკუნა: მე დავიბადებოდი ნიუ იორკში.
ვატო: მე დავიბადებოდი საქართველოში იმ დროს, რომ 1981 წელს თბილისის “დინამოში” მეთამაშა.
პირველად რომ მაკუნა დაინახე, რა იფიქრე?
ვატო: ეს მაგარი ისტორიაა. “ფეისბუქზე” მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა… და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი.
პირველად რომ ვატო დაინახე, რა იფიქრე?
მაკუნა: გავიფიქრე, ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის-მეთქი.
სიურპრიზი, რომელიც ვატოს გაუკეთებია;
მაკუნა: ერთხელ რაღაც მაწყენინა, ორი დღე არ ვლაპარაკობდით, კართან ყვავილები დამახვედრა წარწერით – “მაკუ.”
გატანილი გოლები მაკუნას ეძღვნება?
ვატო: გოლს თუ გავიტან, აღნიშვნის დროს ხელით გულს ვაკეთებ. კი, ყველა გოლი მაკუნას ეძღვნება, სადაც ზის, ვეძებ და გულს ვაჩვენებ ხოლმე. გასვლით თამაშებზე სულ ჩამოდის, ზოგჯერ მოულოდნელადაც, დაჯდება ტრიბუნაზე და თამაშის დროს ვხედავ ხოლმე.
ცხოვრების საამაყო მომენტი:
ვატო: ასეთი მომენტი ჯერ წინ არის, საქართველოს პირველ ნაკრებში რომ მოვხვდები და გოლს გავიტან, აი, მაშინ ვიამაყებ.
გოგოების ყველაზე დიდი შეცდომა რა არის?
ვატო: დროის შეგრძნება. გოგოების ყველაზე დიდი შეცდომა არაპუნქტუალურობაა.
ბიჭების ყველაზე დიდი შეცდომა რა არის?
მაკუნა: ვატოს არ ვგულისხმობ, მაგრამ ბიჭებს ზოგჯერ უყვართ გოგოების ჩაკეტვა, ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად.
ყველა სხვა გოგოსგან რითი განსხვავდება მაკუნა?
ვატო: სიყვარულით
ყველა სხვა ბიჭისგან რითი განსხვავდება ვატო?
მაკუნა: სიმპათიურია, ყურადღებიანი და ძალიან კაცური თვისებები აქვს.
ჩხუბის შემდეგ როგორ რიგდებით?
ვატო: რა თქმა უნდა, მე რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ შემირიგდეს.
მაკუნა: კი, ასეა. ვატო მირიგდება.
თქვენი სიმღერა რომელია?
ვატო: მაიკლ ჯექსონისPretty Young
სად იმოგზაურებდით ერთად?
ვატო: ზამთარში უნდა წავიდეთ რომში. მეგობრებთან ერთად ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.
მაკუნა: მე მინდა, რომ ნიუ იორკში ვიმოგზაუროთ.
მაკუნა თუ ერკვევა ფეხბურთში?
ვატო: კი, მე ასეთი პროგრესი ვერ წარმომიდგენია, ყველა ფეხბურთელი იცის, ყველა თამაშს უყურებს.
საყვარელი ფეხბურთელი:
ვატო: ლეო მესი
მაკუნა: ვატო არველაძე
არასდროს ვინანებ, რომ…
მაკუნა: ვატო გავიცანი.
ვატო: მაკუნა გავიცანი.

წყარო:ჟურნალი “სითი” 2017 წელი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow