2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებული სუბიექტების შემოწირულობების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტი შემოწირულობა 11 სექტემბრის მონაცემებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აქვთ მიღებული. წინასაარჩევნო მარათონის დასაწყისში თანხების მობილიზაციას პარტიებიდან ყველაზე ეფექტურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახერხებდა, თუმცა დღეის, 5 ოქტომბრის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს უფრო გულუხვი მხარდამჭერები აღმოაჩნდა.

სალომე ზურაბიშვილისთვის 11 სექტემბრამდე ყველაზე მეტი, 50 000 ლარი შეწირული ჰქონდა “კოკა-კოლას” დირექტორს და “ლაღიძის წყლების” მეწილე ვახტანგ ლაღიძეს.

11 სექტემბრის შემდეგ 15-მა ადამიანმა შეწირა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 60 000 ლარი.

კახაბერ კობაონოვი “ევრაზია დეველოპმენტ ჯგუფის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

ირაკლი ქაფიანიძე სამშენებლო კომპანია “არქის” დირექტორი და 20 %-იანი წილის მფლობელია. კავშირები აქვს ათობით სხვა კომპანიასთან, რომელთა ნაწილი თავის მხრივ “არქი ჯგუფთან” არის დაკავშირებული. ირაკლი ქაფიანიძეს 2016 და 2017 წლებში ქართული ოცნებისთვის 90 000 ლარი აქვს შეწირული.

ამ კომპანიიდან ქაფიანიძე ერთადერთი არ არის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის 60 000 ლარი გადაურიცხა. ეს თანხა გადარიცხა შპს “არქი ვარკეთილის” მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა და ივლიანე წულაიამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი და არქი დეველოპმენტის და სხვა ათობით კომპანიის პარტნიორია. ამ დეპუტატის 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მას როგორც თავის, ასევე სხვა კომპანიებზე 10 მილიონამდე ლარი აქვს გასესხებული. ივლიანე წულაიას 2016-17 წლებში ქართული ოცნებისთვის 110 000 ლარი აქვს შეწირული.

60 000 ლარის შემომწირველთა შორისაა საქართველოს კიდევ ერთი პარლამენტარი გოჩა ენუქიძე, რომელმაც ამავე ოდენობის თანხა 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჩაურიცხა, 2016-2017 წლებში კი ქართულ ოცნებას 105 000 ლარი შეწირა. დეპუტატი შპს ჯორჯიან ალკონტრეიდის”, შპს “იბერკომპანი ირაოს”, შპს “იბერკომპანის”, შპს “გალაქსი ინვესტის”, “იბერ 777”-ის და სხვა ათზე მეტი კომპანიის პარტნიორია. გოჩა ენუქიძის კომპანია იბერკომპანიამ ქართული ოცნებისთვის თანხის შეწირვიდან მოკლე ვადაში უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და სოფელ ძეგვში მდებარე 5775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა, რომლის საწყისი ფასი 116 000 ლარს შეადგენდა, ბიჯის ოდენობა კი 2000 ლარს. პარლამენტარის სარფიანად ვაჭრობის უნარს ადასტურებს მის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც გოჩა ენუქიძეს სხვადასხვა წლებში უძრავი ქონება 0 ლარის სანაცვლოდ აქვს შესყიდული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

“ბაკურიან ბიზნეს ჯგუფის” და “კრისტალსერვისის” პარტნიორი და დირექტორი, ვლადიმირ სტეფანიანი 2012 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო და პარტიას 2 500 ლარი გადაურიცხა, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილს 60 000 შეწირა. კიდევ ერთი, წარსულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივარი და ახლა მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის შემომწირველი ბიზნესმენია ავთანდილ გულიკაშვილი, რომელმაც 2012 წელს მმართველ პარტიას 18 000 ლარი შეწირა, სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000-ის გადარიცხვამდე კი ქართულ ოცნებას 50 000 ლარი.

შესაწირად უმაღლესი თანხა, 60 000 ლარი არა, მაგრამ სოლიდური რაოდენობა შეწირეს სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 000 ლარი), ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა (45 000 ლარი), ჩაჩავას კლინიკის ხელმძღვანელმა ნატა ყაზახაშვილმა (50 000 ლარი) და საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრმა ზურაბ დარახველიძემ (50 000 ლარი). ცნობილმა მეანმა “ქართულ ოცნებას” წინა წლებშიც შეწირა თანხა, თუმცა ბევრად მოკრძალებული (ჯამში 5 000 ლარი) თანხა.

დეველოპერებისა და პოლიტიკოსების შემდეგ სამედიცინო სფერო სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. მაგალითად 20 000 ლარი შეწირა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ, 7 000 ლარი საქართველოს კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაციის გამგეობის წევრმა ლარისა მელიამ, რომელმაც 2016 წელს 10 000 ლარი “ქართულ ოცნებასაც” გადაურიცხა.

მსხვილ თანხებთან ერთად სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხულ თანხებთან ერთად ნახავთ “ხურდებსაც”, რომელსაც მოქალაქეები თავიანთი მისდამი დამოკიდებულების საჩვენებლად ურიცხავდნენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow