საბერძნეთში, 23 წლის ქართველი გოგონას, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით “პრაიმტაიმისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გოგონას ბაბუა„პრაიმტაიმს“ უყვება, რომ გარდაცვლილის ცხედარი და ორი თვის ბავშვი ქართველმა ემიგრანტებმა საკუთარ სახლში იპოვეს. როგორც ავთანდილ წიკლაური ამბობს, თავდამსხმელებმა ბავშვი გათიშეს, დედა კი დაახრჩვეს.

ავთანდილ წიკლაური, გარდაცვლილის ბაბუა:

– ჩემი შვილიშვილის სახლში შევარდნენ, გაგუდეს და დაახრვჩეს. გუშინ საღამოს, შვილიშვილის მეგობარმა ქალმა დაგვირეკა და შეგვატყობინა ამბავის. მათი ინფორმაციით, ორი დღე არ გამოჩენილა ჩემი შვილიშვილი თავის ორი თვის შვილთან ერთად, რის გამოც მოიკითხეს და სახლში მიაკითხეს. სახლის კარები კი დაკეტილი დახვდათ, შიგნიდან არავინ გამოეხმაურა, რის გამოც კარები შეანგრიეს და დახვდათ ასეთი სურათი: ბავშვი გათიშული იყო, არ ვიცი რა უქნეს და რით დააძინეს, ჩემს შვილიშვილს კი ყელზე ჰქონდა მოჭერილი ტელეფონის დამტენის შნური, დაახრჩვეს. სახლიდან წაღებულია ტელეფონი და თანხა, რაც ჰქონდა. როგორც ვიცი, იმ დღეს ციხეში მეუღლე მოინახულა შვილთან ერთად და სახლში დაბრუნებულზე მოხდა ეს ამბავი.

– ცხედარის გადმოსვენებასთან დაკავშირებით თუ ესაუბრეთ ვინმეს?
– მე ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. საბერძნეთში უნდა მოწესრიგდეს საბუთები და შემდეგ უნდა გადმოვასვენოთ საქართველოში, უცხო მიწაზე ხომ ვერ დავტოვებთ. ჩვენც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. პატარა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

– თქვენი შვილიშვილის მეუღლე როდის დააკავეს და რა ბრალდებით?
– დაახლოებით ერთი თვეზე მეტია, რაც დააკავეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, პოლიციის მობილიზაცია იყო და ქუჩაში, რამდენიმე ქართველთან ერთად დააკავეს. მასთან ერთად ბევრი ქართველია დაკავებული, ის არაფერ დანაშაულში არ არის გარეული. ჩემმა შვილიშვილმა ადვოკატი დაუქირავა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ციხიდან გამოუშვებდნენ, რადგან მას ვერანაირ დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ. არალეგალურად იმყოფებოდნენ ჩემი შვილიშვილი და მისი მეუღლე. სხვა არაფერი დანაშაული არ აქვს და ახლა ამ ამბების შემდეგ უკვე არ ვიცი გამოუშვებენ თუ არა ციხიდან.

– თქვენი ქალიშვილიც, ანუ სოფოს დედაც საბერძნეთში ცხოვრობს ხომ?
– დიახ, ათენში ცხოვრობს, ბერძენი მეუღლე ჰყავს. ქალიშვილთან ზოგჯერ უკმაყოფილება ჰქონდა, იმის გამო, რომ შვილს ეუბნებოდა – თუ რატომ გათხოვდა ასე ადრე და რატომ გაყვა სერგის. იყო ხოლმე დედა-შვილს შორის პატარ-პატარა კამათები.

– ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება?
– როგორც მეზობლებმა თქვეს, ყელზე ჰქონდა შემოჭერილი ტელეფონის დამტენის შნური, სხვა არაფერი ვიცი.

– თქვენთან იზრდებოდა?
– დიახ, რადგან მამა დაეღუპა და მარტო დედა ჰყავდა. სახლ-კარი არ ჰქონდა, რადგან ჩვენ რაც ვუყიდეთ ის პაპამ (მამის მამამ) გაუყიდა. ისინი დაიხოცნენ და დარჩნენ ღია ცის ქვეშ. ჩვენ ვზრდიდით, აქ დაამთავრა საშუალო სკოლა და იძულებული გახდა დედასთან საბერძნეთში წასულიყო. 4 წელია იქ იყო და ასეთი ამბავი მოხდა ახლა.

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან” – აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ახალშობილს, ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ელის მას.

როგორც „პრაიმტაიმს“ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხდეს, მათან ინფორმაცია ოფიციალური უწყებებიდან ჯერჯერობით არ შესულა.

“აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ ოფიციალური უწყებებიდან არ შემოსულა სოციალური მომსახურების სააგენტოში. თუ დადგება რეაგირების, ჩართულობის საჭიროება სააგენტოს მხრიდან, გამოიკვეთება ბავშვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, ან სხვა ტიპის ჩართულობის აუცილებლობა სააგენტო ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, ყველა ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვება” – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow