ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულ 50-მდე მეხანძრე-მაშველს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა. პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნებიან  განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

„ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ უშუალო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ.

რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს      მონაწილეობას,  ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – თქვა  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow