ადამიანებმა, ვინც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გააკეთეს განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, მას მსგავსი განცხადების რეალობა ვერ წარმოუდგენია. თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაც სწორი რეაგირებაა.

„გულწრფელად გითხრათ, ვერ წარმომიდგენია ასეთი ფაქტის რეალობა და ნამდვილობა, მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ რამე ტიპის ეჭვები და კითხვები, არ დავტოვოთ ასე ღიად ეს განცხადება, ამიტომ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. ესეც არის სწორი რეაგირება და სამართლებრივი გზა. გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს უნდა დადონ კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, წარმოადგინონ მოწმეები, გამოიკითხება ყველა პირი და გადამოწმდება მათ მიერ გაკეთებული განცხადებების სისწორე და ნამდვილობა.

„მე პირადად არ მჯერა, მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ეს არის მათი საარჩევნო ხმა, კონსტიტუციური უფლება, მაგრამ გადამოწმდეს, შესწავლილ იქნეს ეს განცხადებები, დაიკითხოს ყველა პირი, რომ კითხვის ნიშნები არ დავტოვოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის  – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow