გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის ისტორიული დღე. საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველოს შესთავაზეს ეს უნიკალური პლატფორმა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის ფორმატის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტ იუნკერთან ერთად პრაქტიკულად ყველა ევროკომისარი ესწრებოდა, კიდევ ერთხელ გაანალიზდა, რა უნდა გაკეთდეს ყველა მიმართულებით, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ, რათა საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი გაიზარდოს. ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტად დავისახეთ საქართველოში სიღარიბის დამარცხება და ევროკავშირი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში ჩვენს გვერდით არის. მეორე საკითხი განათლების სისტემას და ჩვენს სტუდენტებს ეხება. მიღებულია გადაწყვეტილება და გვექნება რამდენიმე პლატფორმა, რომელიც ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ევროკავშირი დადგება ჩვენს გვერდით ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმაში – ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენ გვექნება მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკის ინიციატივაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ამასთან ერთად, განხილული იყო შესაძლებლობები, რომ საქართველომ მიიღოს დამატებითი დახმარება სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების, ბევრ სფეროში ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის მიმართულებით და ამ საკითხშიც ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება.

„მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ეს არის მომავალი საქართველოს განვითარების გეგმა, ისეთი საქართველოსი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა გვქონდეს და მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს – საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ მიზნისკენ გადაიდგა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: 1tv.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow