აუდიოჩანაწერის ფიგურანტი არ ვარ, იქ ჩემი ფოტოა, ხმა კი არის ჩვეულებრივი სინთეზატორით დამზადებული სისულელე, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარისას განაცხადა.

„ჩვეულებრივი ადამიანიც რომ მოისმენს ნახავს, რომ საერთოდ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს, აბსოლუტურად სხვადასხვა თემებზე არის საუბარი. საერთოდ, ამ საარჩევნო პერიოდში ბაქრაძეს პირადად არ შევხედრილვარ.

ისრაელი საერთოდ რა შუაშია ვერ გავიგე. ისრაელში საერთოდ ნამყოფი არა ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ყველაფერს აქვს საზღვარი. სინთეზატორითგაკეთებული ხმა ჩემი ხმა არ არის. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკონი არ არის. ძალიან კარგად მიცნობს მთელი საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“? მივმართავ მათ – სასაცილოები ხართ.

მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ორი ადამიანი საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკება. დამზადებულია ხმების სინთეზი. ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი. ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვს და როგორც თავად ამბობს, არ ახსოვს, როდის ესაუბრა ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

ამასთან, ვაშაძის განცხადებით, ხვალ უკრაინაში მიემგზავრება და უკრაინელ სამართალდამცველებს თხოვს, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ გამოძიება ჩაატარონ.

„ხვალ დილით მივემგზავრები უკრაინაში. აუცილებლად შევეცდები, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვო გამოიძიონ. უკრაინაში მივდივარ ყოველკვირეულად, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. შევეცდები, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ვკითხო, საერთოდ რა ვებგვერდია ეს. აუცილებლად მოვიკითხავ ამ საკითხს უკრაინაშიც, რადგან საქართველოში არ არსებობს არც სამართალდამცავი ორგანოები, არც პროკურატურა.

არ მაქვს ინტენსიური კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთნ და არ მახსოვს როდის ვესაუბრე მას ბოლოს.

ნუ გეშინიათ, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება.რა რევოლუცია, ვის სცალია რევოლუციისთვის, ქვეყანა ასაშენებელია და ამდენი საქმეა გასაკეთებელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს,  სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow