წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ძველ დროს არ იყო ასეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო.

„ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველოს გრძნობს ამას. ჩვენ ვიგალობეთ წმინდა გიორგის ტროპარი. წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი და არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, ის ქრისტიანია და უარყო კერპტაყვანისმცემლობა, იწყო მისის წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები “გიორგი ნუ გეშინია მე შენთანა ვარ” და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ წმინდა გიორგი ჩვენთანა. ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძესაც მიმართა.

როგორც პატრიარქმა თქვა, დარწმუნებულია, რომ ისინი ღირსეულად შეხვდებიან გამარჯვებასაც და დამარცხებასაც.

„ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე.  დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow