ჩვენ ვართ გაოგნებული ბ-ნი სააკაშვილის განცხადებით, რომელშიც მან პიროვნების ებრაული წარმომავლობა დამაკნინებელ კონტექსტში რამდენჯერმე გამოიყენა, ამის შესახებ ქართველი ებრაელები პეტიციას ავრცელებენ.

„ებრაელთა თემი ოცდაექვსი საუკუნეა მკვიდრობს საქართველოში და ქართველებთან ერთად იზიარებდა ჭირსაც და ლხინსაც. ყოფილი პრეზიდენტისაგან ამგვარმა უპასუხისმგებლო და გამიზნულად ყველაზე მდაბალ იმპულსებზე და ცრუ სტერეოტიპებზე მიმართულ განაცხადს სამიზნეში ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი და მჭიდრო მეგობრობა ჰყავს, და უპირისპირდება ქართველების ტოლერანტობის საუკუნეებით გამოცდილ და დამსახურებულ სახელს.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები დიდი ვნებათღელვით მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ისიც, რომ პოლიტიკოსები დადგნენ არჩევნის წინაშე: ან დაეცვათ მათგან დეკლარირებული დემოკრატიული და მულტიკულტურული საზოგადოების პრინციპი, ან სახიფათო და იაფფასიან პოპულიზმზე გაეცვალათ იგი; ყველა პოლიტიკოსმა, როგორც ირკვევა, ვერ გააკეთა ღირსეული არჩევანი.

ფეისბუკ-განცხადების შემდეგ ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ბ-ნ სააკაშვილმა გადაწყვიტა რომ თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიემართა ანტისემიტური რიტორიკისთვის. ერთი თვის წინ ვიდეო მიმართვაში მან უკვე ერთხელ დააკავშირა იუდეველობა სიცრუეს („ებრაელი აფერისტი“), რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი რეაქცია არ მოჰყოლია – ჩვენ მცდარად ჩავუთვალეთ მას ეს წამოცდენად. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეთნიკურ თუ კონფესიურ ჯგუფს წარმოვადგენთ, ესეთი რიტორიკა არის დანაშაული მთელი ქართული საზოგადოების მიმართ – რასაც საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს ახალგამოჩეკილი ანტისემიტიზმი წარმოადგენს ნაწილს ბ-ნი სააკაშვილის პოლიტიკური დოქტრინის, რომელიც საზოგადოების პირდაპირ გახლეჩას ისახავს მიზნად, ამჯერად ებრაელად და არაებრაელად

ჩვენ ვაცხადებთ:

• შეუძლებელია ქსენოფობიური რიტორიკის პოლიტიკოსებსა და პარტიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ რამე პრეტენზია ჰქონდეს მულტიკულტურული და პლურალისტური საზოგადოების მშვიდობისა და ერთიანობის გარანტად დადგომაზე

• ყოველი მოქალაქის ვალია ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებისგან დაიცვას საქართველო, რომლის განუყოფელი ნაწილია მრავალჭირნახული ებრაელთა საზოგადოება

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, საქართველოს ფართო საზოგადოებრივ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ცალსახად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ბ-ნი სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

ჩვენ მივმართავთ საქართველოსა და ებრაელი ერის ყველა გულშემატკივარს, შემოუერთდეს ამ წერილს და ერთად დავგმოთ ანტისემიტიზმი და ქსენოფობია ჩვენს სამშობლოში – საქართველოში“, – ნათქვამია პეტიციაში.

მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში “ქართული ოცნების” პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა.

“აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: imedinews.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow