“ახალი ამბავი არ არის, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და მათ მიერ ჩამოყვანილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გუშინ მივადევნე თვალყური საკმაოდ კვალიფიციურ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც კარგად ჩანდა, ეს ინფორმაცია ისედაც იყო და ახალი ამბავი არ არის, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და მათ მიერ ჩამოყვანილი.

ბუნებრივად მოდის ინფორმაცია, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომ ამ ადამიანის მიმართ საქართველოში სპეციალურად შეიქმნა საქმე, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ ეს ადამიანი გაეშვათ.

ასეც მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე და გამოიყენა ეს ადამიანი თავის პროექტად. ის ასრულებდა ოპერატიულ დავალებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის. ამ მიზნით იქნა თავის დროზე გამოყენებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

2012 წელს ჩატაევის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლევა საშუალებას, რათა ადამიანი იყოს პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა პირის გათავისუფლებისა.

„რატომ გაუშვეს ახმედ ჩატაევი, ამაზე უამრავჯერ გაქვთ პასუხი მიღებული. როდესაც ადამიანის მიმართ არის მტკიცებულებები ძალიან მწირი, როდესაც არ იძლევა საშუალებას მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ეს ადამიანი იყოს პასუხისგებაში მიცემული ისე, რომ უტყუარობის სტანდარტით დაადგინოს სასამართლომ მისი დამნაშავეობა, ამ დროს სასამართლოს სხვა გზა აღარ რჩება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისში, 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია სამი შეიარაღებული პირის ლიკვიდაციით და ერთის დაკავებით დასრულდა. აჰმედ ჩატაევმა თავი ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა.

ამასთან, აჰმედ ჩატაევი 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით, აჰმედ ჩატაევი ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ერთ თვეში კი პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა „დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო“.

2013 წლის ბოლოს მან ქვეყანა დატოვა, ხოლო ორ წელიწადში ცნობილი გახდა, რომ იგი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow