რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ კატერებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ბაბინი ავრცელებს.

„ქერჩის სრუტის გამოსასვლელში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხომალდის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. ბორტზე არის დაჭრილი. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა კატერები დაიკავეს“, – წერს ბაბინი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. მათგან ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. რეჟიმი 26 ნოემბრის 15:00 საათიდან, 2019 წლის 25 იანვრის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა გაერო-ს წესდება დაარღვია და უკრაინულ ხომალდს შეეჯახა.

მომხდარის გამო, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow