საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს, – ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.

„ახლა დროა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებაში და წამოჭრილი შეშფოთებები ხელისუფლებამ გადავადების გარეშე გადაჭრას. მჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს“,–განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, ერის ერთობა უზრუნველყოს.

„ვიმედოვნებ, ახლა, დაძაბული კამპანიისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის თვეების შემდეგ, ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერის ერთობა უზრუნველყოს“, – აღნიშნა კრისტიან ვიგენინმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს უხეში რიტორიკის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელდმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქართველმა ხალხმა, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გამოხატა დემოკრატიისადმი ერთგულება. თუმცა, სამწუხაროა, რომ მეორე ტურის წინა კამპანიის დროს უხეში რიტორიკის მზარდმა გამოყენებამ ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოში დაძაბულობის გაძლიერებას“, – განაცხადა სედერფელდმა.

ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ჩვენი აზრით, შედეგი არის საკმაოდ ნათელი, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა.

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მოგეხსენებათ, ეს არის წინასწარი შედეგები, ასევე მიდის ხმების პარალელურად დაჯამება, მაგრამ შედეგები საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, ამიტომ ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები, ანუ შეიძლება იყოს გარკვეულად დაკორექტირებული ეს მონაცემები, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არის საკმაოდ ნათელი შედეგი“, – აღნიშნა პერ ეკლუნდმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow