“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შანსს ევროკავშირთან დაახლოებისთვის”, – ასე უპასუხა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია i24News-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„ქართული საზოგადოება ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ერთიანია, ეს გაწერილია კონსტიტუციაშიც. ახლა, როგორც პრეზიდენტი, რომელსაც აქვს წარმომადგენლობითი ძალაუფლება, ჩემი წარსული გამოცდილებითა და კონტაქტებით აქტიურად ვიზრუნებ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე. ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. ეს არჩევნები იყო საქართველოს მოქალაქეების ნების დეკლარაცია, რომ მათ სურთ ევროკავშირთან სწრაფად დაახლოება და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შანს ამისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უკრაინის კრიზისთან და ქერჩის სრუტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა.

„უკრაინის კრიზისი ძალიან სენსიტიურია საქართველოსთვის. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, საოკუპაციო ხაზი, ძალიან სენსიტიური ხაზი, რადგან ამ ხაზიდან იტაცებენ ხალხს, ეს ხაზი მუდმივად მოიწევს, ეს არის ძალიან დიდი და ყოველდღიური კონკრეტული საფრთხე საქართველოს სტაბილურობისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა ხდება უკრაინაში. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. შავი ზღვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ნატო-სთან ამასთან დაკავშირებით, ის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში. ნატო-ში ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირი მიზანია საქართველოსთვის, ესეც ასევე გაწერილია კონსტიტუციაში. შავ ზღვაში მეტი სტაბილურობა გვჭირდება, ამაზე ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა პასუხისმგებელი რუსეთი ამ კრიზისების გამო, არჩეული პრეზიდენტი აცხადებს: „დიახ, რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრობა ნიშნავს პასუხისმგებლობას სტაბილურობაზე და შეწყვიტოს ძველი საბჭოთა იმპერიის მსგავსი ქმედებები. სწორედ ამაში უნდა დაარწმუნონ რუსეთი ჩვენმა პარტნიორებმა, რადგან ჩვენ, როგორც მეზობლები, ვერ ვიცხოვრებთ მუდმივად არასტაბილურობის საფრთხის ქვეშ, როგორც ამას დღეს რუსეთი ახორციელებს მისი მეზობლების მიმართ“.

რაც შეეხება ისრაელთან საქართველოს დამოკიდებულებას, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს სახელმწიფო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორია. ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არჩეული პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მთავრობის პრეროგატივაა.

„ისრაელს და საქართველოს მსგავსი პრობლემები გვაქვს, როგორც ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ დამოუკიდებლობას იცავენ. ეს საქართველოს მუდმივი ისტორიაა, იბრძოლოს მეზობლებთან და შეეცადოს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი პარტნიორები თავდაცვის შესაძლებლობების  გასაზრდელად, როგორც ჰაერში, ისევე ზღვაზე. რაც უკრაინის კრიზისმა გვიჩვენა, საქართველოს სჭირდება მეტი საზღვაო შესაძლებლობები და ვფიქრობ, ეს არის ის საკითხები, რომლის განხილვაც შეგვიძლია ისრაელელ პარტნიორებთან, ნატო-ს პარტნიორებთან და ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow