როგორც არ მივეცით საშუალება 2003 წელს შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი, ზუსტად ასევე, 16-ში ხალხმა უნდა თქვას, არ მოგცემთ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ სტილში არჩევნების იმიტაცია მოხდა. ის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „არჩევნები მთლიანად მოიპარეს”.

„ხვალ იწყება ძალიან დიდი მობილიზაცია და როგორც ჩვენ არ მივეცით საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი და ლეგიტიმაცია მოეხდინა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, ზუსტად ასევე, 16-ში აპირებენ ესენი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, ჩვენ, მშვიდობიანად, წყნარად, კონსტრუქციულად, ზომიერების და კანონის ფარგლებში, ძალიან აუღელვებლად, მაგრამ ძალიან მასობრივად,  არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ ხალხისგან მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ინაუგურაციის ჩაშლის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ნამდვილი არჩევნები.

„არა, მე ვაკეთებ მოწოდებას იმის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და თქვას, რომ ქვეყნა ეკუთვნის მას”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow