ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბრის არჩევნებს არ აღიარებენ. აქციის ორგანიზატორები მას სამარცხვინოდ და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.

ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმნას სამუშაო ჯგუფი ხუთი ადამიანის შემადგენლობით და კონსტიტუციურად, სამართლებრივად ერთად გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პასუხზე.

„ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამისთვის ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას. ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას, ცესკო-დან დაწყებული, უბნებამდე დამთავრებული. ვიცით, რომ ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. გაერთიანებულ ოპოზიციას გიორგი ვაშაძის ინიციატივითა და ლიდერობით უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელსაც ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შევათანხმებთ.

უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც არაფერი არ არის, თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მათ მოადგილეებს. ეს ხალხი ან მთლიანად წარმოადგენს ქართველ ერს ან მაშინ არიან ერთი პარტიის წარმომადგენლები და ეს თანამდებობები არ უნდა ეკავოთ.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ვთავაზობთ – შექმენით სამუშაო ჯგუფი, დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow