დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.

უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში.

„დღეს ჩვენთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ შსს-ში უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა, თქვენ ხართ პირველი რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე”,- მიმართა გახარიამ მართლწესრიგის ოფიცრებს.

მისივე თქმით, შსს-ს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი, მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით.

“დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და მიზანია – პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენს ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე.

მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი აღგიქვამდეთ როგორც მათზე მზრუნველ მეგობრად. ეს არის უდიდესი ღირსება, მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენს პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მინისტრმა.

ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება.

 

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow