ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს კონსულტაციები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართეს. პარტიები მოითხოვენ, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.

„დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ.

„ყველა მომდევნო არჩევნები დღევანდელი ე.წ. ხელისუფლების პირობებში დაემსგავსება იმ უმსგავსობას, რაც მოხდა მეორე ტურში”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება რათა ხელისუფლება მუდმივ ზეწოლაში ამყოფოს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ეს მხოლოდ ოპოზიციის ანუ პოლიტიკური ორგანიზაციების მოთხოვნა კი არ არის, ეს არის მოქალაქეების მოთხოვნა. მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ სიღარიბეში ცხოვრება, აღარ უნდათ ამ ადამიანებს ასე ცხოვრება”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow