ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რომელმაც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, როგორც მორიგ პროვოკაციას აფასებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში. ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.

„ასევე გვსურს შევახსენოთ ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას საბოლოო და შეუქცევადი ხასიათი აქვს. საქართველო-ნატო-ს ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას დამატებით საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow