ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

დამფუძნებლებს შორის არიან ასევე ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე.

ელისაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ ექნება, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობასთან გაერთიანებას არ გეგმავს და იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა” პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნება, ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.

მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ბრიუსელიდან იყო კონტაქტი, აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენჯერმე მე და ჩემი თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავედით, აქაც იყო დელეგაცია ჩამოსული და ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის თანადგომა მივიღეთ. ამ ეტაპზე ფილიალები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვექნება, ვმუშაობთ სხვა რეგიონებში ოფისების გახსნაზეც. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, არამედ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ – იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow