მოქალაქე, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი, ნიკა მელია დაუპირისპირდა რეალურად საჯარო სამსახურში არ მუშაობს. ქალბატონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქოცი“ უწოდა, ირწმუნება, რომ მმართველ პარტიასთან არანაირი შეხება არა აქვს და არც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. ინციდენტი დღეს დიღმის მასივში მოხდა.

აღნიშნულ ქალბატონს სააგენტო „კვირა“ დაუკავშირდა. ის ორი შვილის დედა, 47 წლის ხათუნა ღამბაშიძე აღმოჩნდა, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

ხათუნა ღამბაშიძე აცხადებს, რომ მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, მით უფრო რომ უმაღლესი განათლება აქვს და ორ უცხო ენას ფლობს. ამჟამად, ორი შვილის დედა მცირე მეწარმეა და პატარა ჯიხური აქვს. მისი მეუღლე, 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შრომის უუნარო გახდა. ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ხათუნა ღამბაშიძის მეუღლე დღემდე სახლში მკურნალობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი კი ის პატარა ჯიხურია, რომელსაც ხათუნა ღამბაშიძე უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს.

ხათუნა ღამბაშიძე „კვირას“ დღევანდელი ინციდენტის შესახებ ესაუბრება:

„საქმეზე მივდიოდი და დავით კირკიტაძის სახლთან დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ უამრავი წევრი, თუმცა, მაგ დროს მანქანა არ გამიჩერებია. უკან რომ ვბრუნდებოდი, უფრო ბევრი ხალხი იყო, უფრო მეტი „ნაცები“ მოსულიყვნენ დათო კირკიტაძის დასაცავად და მომესმა, ნიკა მელია ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და მისმა ფრაზამ, „ეს ხელისუფლება იტყუება“, გამაღიზიანა. გავაჩერებინე მანქანა და გადმოვედი. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს იყო ქვეყნის სირცხვილი. ისედაც გაბრაზებული ვიყავი და ნიკა მელიას ამ ფრაზამ უფრო გამაღიზიანა, გავაჩერე მანქანა და რაც სათქმელი მქონდა, ვუთხარი. არც ჩემი ვინაობა დამიმალავს, ვუთხარი ჩემი სახელიც და გვარიც. ნაცებს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ უანგაროდ ქვეყანა გიყვარდეს და უტიფრად მიმტკიცებდა, რომ მე საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ძალიან სასაცილოები არიან. ცილისწამება მათი ხელწერაა, შეუძლიათ ადამიანს ყველაფერი დააბრალონ და საზოგადოებას დააჯერონ, რომ „თეთრი შავია“, – აღნიშნა ხათუნა ღამბაშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მოქალაქეს შორის ქუჩაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქემ ნიკა მელიას მიმართა და განაცხადა, რომ გუშინ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი ამაზრზენი იყო.

ნიკა მელიამ მოქალაქეს „ქოცი“ უწოდა, რის საპასუხოდაც მოქალაქემ განუცხადა: „ქოცები შენზე უარესები არიან, რომ არ გიჭერენ“.

comments