მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში გასული ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში აგორებულ შავ პიარს ეხმაურება, სადაც მის პედაგოგიურ განათლებას ეჭქვეშ აყენებენ. ამბობს, რომ მას, მის ოჯახსა და მოსწავლეებს ამაზე გული სწყდებათ. თუმცა, სიტყვის თავისუფლება არ ავიწყდება და განსხვავებული აზრის დაფიქსირებას არავის უკრძალავს. „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, აქვს თუ არა პედაგოგის დიპლომი, აფხაზავა ამბობს, რომ – არა.

ლადო აფხაზავა: „შეიძლება ჩემთვისაც გულდასაწყვეტია, ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც, ჩემი მოსწავლეებისთვისაც, მაგრამ დროა, გავაანალიზოთ მთელმა საზოგადოებამ, რომ ასეთი რაღაცეებიც ხდება ხოლმე. 2017 წელს, როდესაც გავხდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მაშინაც ვთქვი, მე არ ვარ პროფესიით პედაგოგი-მეთქი. საგანმანათლებლო სივრცეში არის უამრავი ადამიანი, რომელსაც არ აქვს პედაგოგიური განათლება, მაგრამ მოწოდებით არის მასწავლებელი, ან კარგი პრაქტიკით გამოირჩევა და ა.შ. მაქვს ეკონომისტისა და სასულიერო გიმნაზიის დიპლომები. ყველა მასწავლებელს, ვინც გამოცდები ჩააბარა, კრედიტები დააგროვა, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე რატომღაც ვერ მოვიცალე ამისათვის. უამრავი კვლევა მაქვს ჩატარებული, ასევე სხვადასხვა გაკვეთილები, დაახლოებით 400-მდე სკოლაში. მთავარი საგანმანათლებლო სივრცეში უმაღლესი განათლების დიპლომის ქონაა. ეს არის ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლებაა და ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში…“ – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა, მოგვიანებით კი, ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ყოფნასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა.

comments