„მინდა აღფრთოვანება გამოვხატო მამუკა ხაზარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში მამუკა ხაზარაძე არის პირველი ბიზნესმენი, რომელმაც გაბედა და ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მან საკუთარი ღირსების, პრინციპების დასაცავად გაბედა და თქვა საშიში სიმართლე“. – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას და გიორგი გახარიასადმი გახმოვანებულ ბრალდებას.
„ეჭვი არ მეპარება, რომ თიბისი ბანკთან ბრძოლის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი „ხელის ბიჭები“ გახარია და სხვები ამას ახორციელებენ შესაბამისი მექანიზმებით. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ქვეყანაში ნომერ 1 ბანკირი შს მინისტრს პირდაპირ ხელს ადებს შანტაჟში, მუქარაში და რეპუტაციის მიზანმიმართულად შელახვაში. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე საოცარი სამთავრობო სკანდალი გარდაუვალი იქნებოდა და დადასტურების შემთხვევაში, ეს აუცილებლად დამთავრდებოდა შს მინისტრის გადაყენებით. ასეც უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, თუ მართლა სახელმწიფო გვქვია და თუ მართლა თავმოყვარეობა გვაქვს.
მე დარწმუნებული ვარ მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადების სისწორეში, ასეთ განცხადებებს უსაფუძვლოდ არავინ აკეთებს. როდესაც მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას მიერ გამოგზავნილ მუქარის წერილს გამოაქვეყნებს, შს მინისტრმა რა თქმა უნდა უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ მხოლოდ დატოვება გახდა საკმარისი. რადგან გახარიამ გადააჭარბა უფლება მოსილებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენება კი დანაშულია. მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მიბრძანდეს შს მინისტრი პარლამენტში და პასუხი გასცეს იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახმოვანდა პარლამენტში“.
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ თიბისი ბანკთან ბრძოლის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და აცხადებს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებიდან უკვე წასულები არიან, მთავარია, რომ ეს პროცესი საზოგადოებისთვის უმტკივნეულოდ გაფორმდეს.
„ბატონო ბიძინა, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ყველაფერი იყიდოთ და ჯიბეში ჩაიდოთ, ამაზე აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის. ასეთი მოქმედებები ცუდად მთავრდება და გონს მოსვლის გარეშე ნეგატიურ შედეგებს თავიდან ვერ აიცილებთ. გონს მოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაამთავრებთ იმაზე ცუდად ვიდრე თქვენმა წინამორბედებმა. მე ამას ნამდვილად არ გისურვებდით. ბატონო, ბიძინა ასეთი შეცდომების გამოსწორებას ვერც 7 მილიარდი ყოფნის და არც 707“. – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

comments