სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის – 16 წლის მოზარდმა თანატოლებს სხეულის მრავლობითი დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.

შემთხვევა თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული მოზარდი კი დაკავებულია. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ედება.  მან დაკავებისას ბრალი აღიარა.

დაჭრილი სამი არასრულწლოვნიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა 2 მარტს მოხდა. დაზარალებულები 2001 წელს არიან დაბადებული. დაჭრილებიდან ერთ-ერთი მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეა. სკოლის დირექტორის სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ნიკუშა არის ბარძაყში დაჭრილი, ეს არის ჩვენი სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე. დანარჩენი ორი მოსწავლე,რომელიც სამწუხაროდ დაჭრილია, არ არის ჩვენი სკოლის მოსწავლე,“-ამბობს მე-10 სკოლის დირექტორი ბელა ხუბუტია.

შს სამინისტრომ 2 მარტს მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც “რუსთავი2”-სთვის მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ შეიტყო და თემაზე მუშაობა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უცნობია რა იყო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი. შს სამინისტროში მომხდარის მოტივზე არ საუბრობენ. სამართალდამცველებმა ცივი იარაღი, რომლის გამოყენებითაც მოზარდმა დანაშაული ჩაიდინა  ნივთმტკიცებად ამოიღო.

comments