“გაზაფხულზე დიდი სამთავრობო ცვლილებები იგეგმება” – ამ ინფორმაციას “რეზონანსს” რამდენიმე სანდო წყარო ერთდროულად უდასტურებს. კულუარული ინფორმაციით, გაზაფხულისათვის თანამდებობებს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაემშვიდობებიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მინისტრთა კაბინეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც დაემშვიდობოს.

ასევე, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრემიერის გადადგომაც მომხდარიყო, ვისაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებდა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, “თიბისი” ბანკთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. ამიტომაც უცნობია, გაზაფხულზე გახარიას ვიხილავთ თუ არა პრემიერად.

მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას “ოცნებაში” ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.

“მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა და, მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თანამდებობა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრმა დატოვოს.

“ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი სმენია, თუმცა ის მსგავს ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში ესეც შედიოდა. ქანთარია ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა როდის და ვინ დატოვებს კაბინეტს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

“კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვინ და როდის წავა თანამდებობიდან. ამის შესახებ რაიმე მსჯელობა გუნდში ჯერ არ ყოფილა. ვნახოთ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, გამორიცხული არაფერია. სამთავრობო ცვლილებებს ყოველთვის მივესალმები, მაგრამ ეს ცვლილებები ცვლილებებისათვის არ უნდა იყოს მხოლოდ. ეს ქვეყნისა და საქმისათვის სასარგებლო ცვლილებები უნდა იყოს.

“ვერც კონკრეტულ გვარებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. კი, ბატონო, ივანიშვილმა თქვა, რომ ცვლილებები იქნება და ეს მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – აცხადებს “რეზონანსთან” ნუკრი ქანთარია.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები სასწრაფოდ და აუცილებლად განსახორციელებელია. ანალიტიკოსის აზრით, ეს ცვლილებები უკვე გაზაფხულზე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებამდე დრო აღარ რჩება.

ძაბირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ლოგიკა ასეთია – ჯერ პარტიაში უნდა მოხდეს ახალი ბირთვის ჩამოყალიბება და იმ ადამიანების ჩამოშორება, რომლებიც ახალ გუნდში ვერ მოხვდებიან. მისი აზრით, ჯერ რებრენდიგი “ოცნებაში” მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი ცვლილებები ლოგიკურად ხელისუფლებასაც უნდა შეეხოს.

“როდესაც პარტიაში მიმიდინარე პროცესები დასრულდება, ჯერი უკვე სამთავრობო ცვლილებებზე გადავა. პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გადახალისებაც უნდა მოხდეს.

“მე მგონია, რომ პრემიერიც უნდა შეიცვალოს. რეალურად ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ახალ სამუშაო პროგრამას წარმოადგენს, ახალი გუნდი უმრავლესობასა და ხელისუფლებაში. ამ ჩამოყალიბებულმა გუნდმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება.

“ესენი “ოცნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სახე იქნებიან. მათ მუშაობასა და ქმედებაზე “ოცნების” ბედი იქნება დამოკიდებული. მათ სოციალური კუთხით რაღაც შედეგი უნდა დადონ.

“ასეთი დაფანტული, გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი “ოცნება” არჩევნებამდე ვერ მივა. რაღაც გუნდი უნდა გამოიკვეთოს. ოთხი მინისტრი შეიცვლება თუ მეტი, ეს ცვლილება გაზაფხულისათვის უნდა დასრულდეს, რადგანაც მმართველ გუნდს დრო აღარ აქვს და რაც უფრო დააგვიანებენ ამ ცვლილებებს, მით უფრო წაგებული დარჩებიან.

“ქვეყანაში ყველა სფეროში უკმაყოფილება პიკს აღწევს და გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ივანიშვილთან ერთად საზოგადეობას რაღაცის გაკეთების პირობას მისცემს”, – აცახდებს ძაბირაძე “რეზონანსთან”.

comments