საქმის გარჩევა სასულიერო პირებს შორის რომელიც ხელით შეხებამდე მივიდა. მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას, რუსთავის ეპარქია ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ ინციდენტში რუსთაველი მიტროპოლიტი იოანეც მონაწილეობს.

ვიდეომასალაში ჩანს კამათი ბერ გაბრიელსა და რუსთავის ეპარქიაში შეკრებილ სასულიერო პირებს შორის, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ ბერი გაბრიელი ნასვამია. ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პირის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ბერ გაბრიელს “გალახავს”, მეორე კი ეუბნება, რომ “მასაც ეს უნდა”. ბოლოს სასულიერო პირებს ბერი გაბრიელი ოთახიდან ძალით გაჰყავთ.

ეპარქიის ინფორმაციით, ეპარქიამ ვიდეომასალის გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განცხადებაში, რომელიც ვიდეომასალას ახლავს თან ნათქვამია, რომ ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ბერ გაბრიელს რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა.

“ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი”, – ნათქვამია რუსთავის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო

comments